„დღეს, იმისათვის რომ ქალი ჩაითვალოს გაუპატიურებლად, ის ასევე უნდა იყოს ნაცემი. ქართველ კანონმდებელს დღეს არ აინტერესებს ქალის თანხმობის არსებობა ან არარსებობა“, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ქალთა მოძრაობის, ღამის კლუბებისა და მუსიკალური ფესტივალების წარმომადგენლებმა განაცხადეს.
მათ 25 ნოემბერს დაგეგმილი ფართომასშტაბიანი მარშის შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მარშის მთავარი გზავნილი და მოთხოვნა სახელმწიფოსგან იქნება, გამკაცრდეს პოლიტიკა სქესობრივი დანაშაულებზე და კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდეს.
„ქალთა მოძრაობა, ღამის კლუბები და მუსიკალური ფესტივალები ვერთიანდებით ქალების სხეულებრივი ავტონომიის და უსაფრთხოების დასაცავად. ჩვენი მიზანია, ყველა ჩვენ თანამოაზრეს, მეგობარსა და სტუმარს გავაგებინოთ ჩვენი ღირებულებები და დამოკიდებულება ქალების სქესობრივი თავისუფლების და ხელშეუხებლობის მიმართ.
ჩვენ გვჯერა, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს ქალის სხეულებრივ ავტონომიას და ქალი დაცული უნდა იყოს სექსუალური ძალადობისაგან ყველგან – სახლშიც, „დენსფლორზეც“ [საცეკვაო მოედანზე], ქუჩაშიც და ნებისმიერ საჯარო თუ პრივატულ სივრცეშიც.
ქალის თანხმობის გარეშე მასთან განხორციელებული ნებისმიერი სექსუალური ხასიათის ურთიერთობა ქალზე ძალადობაა. ნამდვილი თანხმობის ნაკლებობა გაუპატიურება და ძალადობაა – ასე გვესმის ჩვენ, ასეა აღიარებული საერთაშორისო კონვენციების და სასამართლოების მიერ, მაგრამ ამას არ აღიარებს ქართული კანონმდებლობა.
დღეს, იმისათვის რომ ქალი ჩაითვალოს გაუპატიურებლად, ის ასევე უნდა იყოს ნაცემი. ქართველ კანონმდებელს დღეს არ აინტერესებს ქალის თანხმობის არსებობა ან არარსებობა.
ჩვენ ვითხოვთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რადგან შეუძლებელია ქალების სქესობრივი დანაშაულებისგან დაცვა დღეს არსებული კანონით. თანხმობა გადამწყვეტია.“– განაცხადეს მათ.
ცნობისთვის, 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. საპროტესტო მსვლელობა 20:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე გაიმართება. ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციას გაეცნობით მითითებულ ბმულზე.