LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Incom For Buisness – მცირე ბიზნესის მხარდამჭერი პლატფორმა

454
Incom For Buisness

რამდენიმე თვის წინ სამეგრელოს რეგიონში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. რვავე პროექტი საზოგადოებისთვის ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებაზეა ორიენტირებული, თუმცა ჩვენი ყურადღების ცენტრში განსაკუთრებულად „Incom For Buisness“ მოექცა. ეს არის მცირე ბიზნესის მქონე პირებისთვის განკუთვნილი პლატფორმა მათი ცნობადობის გასაზრდელად და აუდიტორიის ნდობის მოსაპოვებლად.

ალექსანდრე დუდუჩავა, სტარტაპის „Incom For Buisness“ დამფუძნებელი:

– პლატფორმის შექმნის იდეა ჩემს პირად გამოცდილებას ეფუძნება. ვფლობ პატარა ონლაინ მაღაზიას, სადაც სხვადასხვა სახის პროდუქტს ვყიდი, რომლებსაც ისეთი სოციალური ქსელების მეშვეობით ვაპიარებ, როგორებიცაა Instagram და TikTok. მაღაზიაში ვარ მხოლოდ მე და ამიტომაც მარტოს მიწევდა როგორც კლიენტებთან კომუნიკაცია, ასევე ვიდეოებისთვის იდეების მოფიქრება, ვიდეოების დამონტაჟება და ბოლოს განთავსება. ერთი ადამიანისთვის ყველაფერი ერთად, ცხადია, რთული იყო. ერთხელაც ნიკოლოზ გოგოჭურის სტარტაპერებისთვის განკუთვნილ ტრენინგებზე მოვხვდი, სადაც ჯერ განვსაზღვრე, რა პრობლემა მაწუხებდა და რისი მოგვარება მსურდა, შემდეგ სხვა მაღაზიებიც გამოვკითხე და მომივიდა იდეა, შემექმნა ხელოვნური ინტელექტი (AI), რომელიც კონკრეტული პროდუქტისთვის ვიდეო იდეას შეიმუშავებდა. თუმცა ჩემმა მეგობრებმა და ნიკოლოზ გოგოჭურმაც დამაფიქრეს, რომ მხოლოდ ვიდეოს იდეა გამოუსადეგარი იქნებოდა და ვერ დაეხმარებოდა ბიზნესის ისეთ მეპატრონეებს, რომლებმაც ახალ ტექნოლოგიებთან მუშაობა და ედითინგი არ იციან. ამიტომაც იდეაზე რამდენიმედღიანი მუშაობის შემდეგ, ჩავამატე თემფლეითების გენერაცია, ასევე ტრენდის ანალიზი, რაც საბოლოოდ ქმნიდა მონახაზს, როგორ მექცია იდეა სტარტაპად. ტრენინგების შემდეგ გვქონდა მოსამზადებლად დრო და ამ დროის მანძილზე გავაკეთე MVP, შევქმენი დისქორდ ექაუნთი, ის „გავასაღე“ როგორც ბოტი სოციალურ ქსელებში და ხალხს ვთავაზობდი იმ სერვისს, რომელსაც შემდეგ ჩვენი საიტი განახორციელებდა. მაგრამ დისქორდ ექაუნთზე ვიყავი მხოლოდ მე, ხალხს პირადად ვპასუხობდი, მე ვუმონტაჟებდი ვიდეოების. ამ ყველაფერს ძალიან დიდი დრო მიჰქონდა, რთულია რამდენიმე კლიენტს ერთდროულად ეურთიერთო, მათი მოთხოვნები მარტომ გაითვალისწინო. საბოლოოდ, MVP-მ ნათლად დამანახა პრობლემა და ისიც, რომ თუ ამ პრობლემის მოსაგვარებელი საშუალება იარსებებს, ბიზნესები მისით აუცილებლად დაინტერესდებიან.

– მოდით, უფრო სიღრმისეულად მოგვიყევით პლატფორმის ფუნქციონალის შესახებ.

– ვებგვერდში ჩაშენებულია AI. ის იღებს მონაცემებს კვირის ტრენდებიდან, ინახავს მათ და შემდეგ საიტზე დარეგისტრირებულ მომხმარებელს, რომელსაც მითითებული აქვს ინფორმაცია საკუთარი ბიზნესის და პროდუქტის შესახებ, ურჩევს ისეთ ტრენდს, რომელიც ყველაზე ახლოს იქნება მის პროდუქტთან და ექნება მაღალი შანსი, გავიდეს უფრო ფართო აუდიტორიაზე, საბოლოოდ კი შესთავაზებს ვიდეოს იდეას და ასევე თემფლეითს, სადაც გამოსახული იქნება როგორც არსებული ტრენდი, ასევე პროდუქტი, რომლის გაყიდვასაც ცდილობს მომხმარებელი. აქვე ჩაშენებული იქნება მცირე ედით ფეიჯიც, რომლითაც მომხმარებელი შეძლებს გამოცვალოს დაგენერირებულ თემფლეთზე ტექსტი/აუდიო/ფოტო მასალა, შემდეგ კი ის პირდაპირ სოციალურ ქსელში განათავსოს.

– დამუშავების რა ეტაპზეა ამჟამად პლატფორმა, როდის ჩაეშვება ის სრულფასოვანი სახით?

– ამ ეტაპზე უშუალოდ AI-ის „მოთვინიერებაზე“ ვმუშაობთ. უკვე შექმნილი გვაქვს საიტის მთავარი დიზაინი, საიტიც ნახევრად აგებულია, მაგრამ ყველაზე მთავარი სწორედ AI-ის და შემდეგ ედითორის ჩაშენებაა. ვფიქრობთ, ამ ყველაფერს 6-9 თვე დასჭირდება.

– თქვენი გუნდის შესახებაც მოგვიყევით, ვინ და როგორ გაერთიანდით იდეის გარშემო?

– გუნდში სამნი ვართ და ერთმანეთთან ონლაინ კავშირი გვაქვს. ნიკოლოზ ემუხვარი და აკაკი გოჩაშვილი თბილისში ცხოვრობენ, მე კი – ზუგდიდში. მე 16 წლის ვარ, ნიკოლოზ ემუხვარი კი 19 წლისაა და ამჟამად FrontEnd დეველოპერად (პროგრამისტი) სტაჟირებას გადის. პროგრამირების სფეროში 5-6 წლიანი გამოცდილება აქვს. იგი ფლობს HTML 5, CSS, JavaScript, NodeJS, React, Redux, NextJs, Tailwind css, Material UI, express.js, MongoDB… აკაკი გოჩაშვილი 17 წლისაა და Software(Backend) დეველოპერია. პროგრამირების სფეროში 3-4 წლიანი გამოცდილება აქვს. ამჟამად დახელოვნებულია შემდეგ ტექნოლოგიებში: Typescript, NodeJS, ExpressJS, NestJS, MongoDB, React, Redux, etc… სამივეს მიგვაჩნია, რომ „Incom For Buisness“ პერსპექტიული და არაორდინალური პროექტია, რომელიც ქართულ ბიზნესსა და მარკეტინგს სიახლეს სთავაზობს, შესაბამისად, ჩვენი გუნდი მისი განვითარებისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს.

– ცოტა ხნის წინ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს რეგიონალური საგრანტო პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდით. წარმატებამდე განვლილ გზაზეც მოგვიყევით.

– გასამარჯვებლად ძალიან ბევრი ვიშრომე. იყო დიდი კონკურენცია, მქონდა მომენტები, როცა ვფიქრობდი, რომ ვერ გავიმარჯვებდი, დანებებასაც კი ვაპირებდი, მაგრამ ჩემი ახლო წრის მხარდაჭერის წყალობით და იდეის კარგად გაანალიზებით, ყველაფერს ბოლომდე მივყევი და საბოლოოდ გრანტიც მივიღე. შესაბამისად, ამ პროექტის გამარჯვებულად ყოფნა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მოგებულ თანხას სრულად გამოვიყენებთ საიტის შესაქმნელად.

– როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი სტარტაპის მომავალი, რა დაგჭირდებათ მცირე ბიზნესების მხრიდან ნდობის მოსაპოვებლად?

– მჯერა, სტარტაპს ნათელი მომავალი აქვს, მას მარკეტინგის სამყაროს განვითარებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია, რადგანაც უკვე ვცხოვრობთ იმ ერაში, სადაც ონლაინ ბიზნესები და AI ყოველდღიურად წინ მიიწევს. ჩვენი სტარტაპი მზად არის იყოს ცვლილებების წინამძღოლი, ჩვენი მიზანია მცირე ბიზნესებს სწორი მარკეტინგის წარმოებაში, საკუთარი თავის ზრდაში, პროდუქციის ხელსაყრელ ფასად გავრცელებაში დავეხმაროთ. მცირე ბიზნესების ნდობის მოპოვება შესაძლებელია სწორი რეკლამირებით, ასევე, ვგეგმავ, ჩავატარო შეხვედრები, რომლებზეც განვითარებისთვის საჭირო გზებზე ვისაუბრებ. ვეცდები, შევქმნა საკუთარი COMMUNITY და მისი მეშვეობით შევძინო მეტი მომხმარებელი ვებგვერდს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g