ინდივიდუალური ბინათმშენებლობით დაზარალებულთა საკანონმდებლო ინციატივას პარლამენტში მხარი არ დაუჭირეს. დაზარალებულები ითხოვდნენ, მათი ზარალი სახელმწიფოს შიდა ვალად ეღიარებინდა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურის განმარტებით, საუბარია იმ დაზარალებულებზე, რომელთაც თანხის ნაწილი გადახდილი აქვთ, 50% კი სახელმწიფო საწარმოებს უნდა გადაეხადათ.
დაზარალებულები ითხოვდნენ შესულიყვნენ იმ ჩამონათვალში, რომელიც სახელმწიფომ შიდა ვალის სახით თავის თავზე აიღო.
„ინიციატივას მხარი ვერ დავუჭირეთ იქიდან გამომდინარე, რომ საჭიროებს მთავრობის თანხმობას. ვთხოვეთ მთავრობას, წარმოადგინოს კონკრეტული წინადადება. ვინაიდან, ჩვენთვის ცნობილი არ არის ამ ვალის ოდენობა – ეს დღემდე არავის აღურიცხავს“ – განუცხადა „ფორტუნას“ თამაზ მეჭიაურმა.
მისივე თქმით, მთავრობამ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ვალის შიდა ვალად ცნობის საკითხზე დადგენილება 18 წლის წინ მიიღო, რომელშიც არ შედიან ინდივიდუალური ბინათმშენებლობით დაზარალებულები.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ინიციატივის განხილვას ბინათმშენებლობით დაზარალებულებიც ეწრებოდნენ.
