LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინექციის ადგილას კუნთის ტკივილი, ტემპერატურის მატება ხშირია – აშშ-ში მოღვაწე კიდევ ერთი ექიმი კორონავირუსის ვაქცინით აიცრა

329
131943318-10158985008412008-3531787219028046635-n

აშშ-ში მცხოვრები ნანა ბერიშვილი, რომელიც ნიუ იორკის შტატის ვესჩესტერის საგრაფოს სენტ ჯონის ჰოსპიტალში covid ინფიცირებულებთან მუშაობს სოციალურ ქსელში წერს, რომ ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

ექიმი დეტალურად აღწერს, თუ რა სავარაუდო ეფექტები ახასიათებს ვაქცინით აცრის შემდგომ პერიოდს.

“ჩემმა ფეისბუქ-მეგობრებმა და მომდევრებმა ალბათ უკვე იცით, რომ 17 დეკემბერს, 0900-ზე კოვიდ-19-ს ვაქცინის პირველი დოზა (პფაიზერის წარმოების) გავიკეთე. მეორე სამ კვირაში გამიკეთდება.

სამწუხაროდ, ვაქცინაციის იდეას ყოველთვის თან სდევს კონსპირაციული თეორები, ურბანული ლეგენდები და სენსაციური ფსევდო-ფაქტების შლეიფი. კორონა-ვირუსის გლობალურმა პანდემიამ უამრავი მითქმა-მოთქმა, ცრუ-მეცნიერული თეორიები წარმოშვა. ამას ხელს ისიც უწყობს, რომ ეს ვირუსი ჯერ მხოლოდ ერთი წლისაა, ჯერ კიდევ მუტირებს, სტატისტიკა და მონაცემთა ბაზა ყოველდღიურად იცვლება.

ამგვარი პანდემიების დროს ვინც ნაკურთხ წყალს და შავტარიანი დანით შელოცვის ძალას ენდობით, ამის მერე ნუღარ წაიკითხავთ. არ იქნება საინტერესო.

მეცნიერებამ ამ გამოწვევას ფორს-მაჟორულად უპასუხა და ამ დროისთვის შტატებში უკვე 128000 ამერიკელმა გაიარა ვაქცინაციის პირველი ეტაპი.

როგორც წესი, ვაქინაციამდე გაფრთხილებენ სავარაუდო ეფექტებზე, “გვერდითი” შეგნებულად არ გამოვიყენე, რადგან სავარაუდო სიმპტომატიკის ჩამონათვალიდან რომ რამოდენიმე მაინც გექნება, თითქმის გარანტირებულია. ინექციის ადგილას კუნთის ტკივილი, შესიება, მსუბუქი გაციების სიმპტომები, ტემპერატურის ოდნავი მატება ყველაზე ხშირია და მეტწილად 24 საათში გადის.

მე ეს ვირუსი აპრილში მოვიხადე, 5 კვირა ძალიან მაღალი სიცხეები მქონდა. ანტისხეულებზე პირველი სინჯი ივლისის პირველ კვირას გავიკეთე, ბოლო – ნოემბრის ბოლოს და ჯერ კიდევ რეაქტიული ანტისხეულები მაქვს. ალბათ ამიტომ, ვაქცინის გაკეთებიდან 22 საათში სიცხემ ამიწია – 37.5. ნანემსარი ყველას ტკივა, მაგრამ მე მთელი მკლავი მტკიოდა – მხრის სახსრიდან თითებამდე. მერე სახსრების. ტეხვა დამიწყო,ანუ ყველა ის სიმპტომი მქონდა, რაც ვირუსის პირველ კვირას მქონდა.

ტემპერატურა რომ 38.5 გადაცდა, იბუპროფენი მივიღე და ტკივილიც ცოტა შემიმსუბუქდა. დილას ანუ, 48 საათის შემდეგ ფაქტიურად სიმპტომებმა გაიარა.

ზემოთ ნახსნები ყველა სიმპტომი გრიპის (Flu) ვაქცინისაც ახასიათებს.

ინტერნეტ სივრცეში უამრავი ინფორმაციაა, აქედან ფაქტის და სენსაციური ალტერნატიული ფაქტის ფილტრაცია ძალიან ძნელია, თან ცრუ-საიტების ერთერთი მიზანი მასიური პანიკის დათესვაა.

საქართველოში, სადაც მაღალი რისკების წამლებს ექიმის დანიშნულების გარეშე ტიკტაკივით ყლაპავენ, ვაქცინაცია დემონურ ძალებთან და ჩიპებთან ასოცირდება, მათი გადარწმუნება უმადური საქმეა და ამიტომ კამათში არავისთან არ შევალ.

ჩემი პროფესიის გამო 12 საათიან ცვლაში აქტიური ფაზის ინფექციის მქონე კოვიდ-პაციენტებთან 6-7 საათი მიწევს ურთიერთობა მაღალი კონცენტრაციის აეროზოლურ გარემოში. ჩემი და ჩემი პაციენტების უსაფრთხოებისთვის ეს ვაქცინა სასიცოცხლოდ ნიშვნელოვანია.

P.S. სკეპტიკოსების საყურადღებოდ – ერთი-ორი წელი დაელოდეთ, თუ იქამდე თქვენ კოვიდს გადაურჩით და მე ვაქცინას, მერე მაინც გაიკეთეთ”.-წერს ნანა ბერიშვილი ფეისბუქში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g