ინფლაცია პანდემიამ მოიტანა, ეს არის გარკვეული ეპიზოდი, რომელიც დაძლეული იქნება, – ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„წლების განმავლობაში ინფლაცია იყო სამი-ოთხი პროცენტი და ჩვენი მოსახლეობისთვის რომ გვეკითხა, რა იყო ნომერ პირველი პრობლემა, ინფლაციას არავინ დაასახელებდა. კი, ეპიზოდურად, სხვადასხვა პროდუქციაზე შეიძლება ხდებოდა ფასების მერყეობა, მაგრამ ეს გლობალური ბრობლემა არ იყო. 2020-2021 წლებში რა მოხდა ისეთი განსხვავებული, რამაც ინფლაცია გაასამმაგა და გააოთხმაგა? ერთადერთი რამ, რაც გლობალურად მსოფლიოში მოხდა, ეს არის პანდემია და თუ მსოფლიო ეკონომიკას შევხედავთ, ყველგან არის ინფლაციური პროცესები, განსაკუთრებით სურსათზე. FAO-ს მონაცემებით, მსოფლიოში 27%-ით გაძვირდა მთლიანად სურსათი, რაც ჩვენზე პირდაპირ აისახება“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველო ჯერ კიდევ არ არის მდიდარი ქვეყანა, სიღარიბის პრობლემა საკმაოდ მტკივნეულია და რა თქმა უნდა, ხელისუფლებას უფლება არ აქვს, ელოდოს, სანამ ინფლაცია თავისით, პანდემიასთან ერთად არ დასტაბილურდება. „აქედან გამომდინარე, მიღებულ იქნა მთელი რიგი გადაწყვეტილებები და კიდევ იქნება მიღებული“, – აღნიშნა თურნავამ.