ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს. როგორც არჩილ მესტვირიშვილმა აღნიშნა, მოსალოდნელია, რომ ეს შემდეგ თვეებშიც გაგრძელდეს, წლის მეორე ნახევარში კი ინფლაცია მიზნობრივზე ქვემოთ იყოს.
„როგორც მოსალოდნელი და პროგნოზირებული იყო, ინფლაციას აქვს მკვეთრად გამოხატული შემცირების ტენდენცია და მოსალოდნელია, რომ ეს გაგრძელდება შემდეგ თვეებშიც. წლის მეორე ნახევარში ინფლაცია მიზნობრივზე ქვემოთ იქნება. ინფლაციის შემცირების ტენდენციას ხელს უწყობს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, ფისკალური კონსოლიდაცია და საგარეო ფაქტორები. ინფლაციის დინამიკას რომ შევხედოთ, შემცირებაში გადამწყვეტი არის საგარეო ფაქტორები, ხოლო ადგილობრივი ინფლაცია ჯერ კიდევ მაღალი რჩება. ჩვენ ახლა ველოდებით, რომ, საგარეო ფაქტორების მილევასთან ერთად, ადგილობრივი ინფლაციაც დაიწყებს შემცირებას, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, დავიწყოთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 11%-ზე დატოვა
არჩილ მესტვირიშვილი რამდენიმე ფაქტორსაც ასახელებს, რომელიც ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის ინფლაციაზე ახდენს გავლენას.
„პირველი, ეს არის გაზრდილი მოთხოვნა, და ამას ჩვენ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით ვპასუხობთ. ეს გაზრდილი მოთხოვნა ადგილობრივი პროდუქციის ფასებში აისახება. მეორე ფაქტორი არის ფასები უძრავ ქონებაზე, რომელიც საკმაოდ მტკივნეულია ყველასთვის, მათ შორის ბიზნესისთვის, მისი გავლენა ინფლაციაშიც ნელ-ნელა მცირდება, რადგან უძრავი ქონების ფასების ზრდას ისეთი სწრაფი ტემპი აღარ აქვს“, – აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლი.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შემცირებას დაიწყებს მას შემდეგ, თუ გაგრძელდება დღეს არსებული ტენდენცია და ცენტრალური ბანკი ადგილობრივად წარმოებულ პროდუქტზე ინფლაციის შემცირებას დაინახავს.
წყარო: 1tv.ge
180300 მომხმარებელს სესხზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება – “საზოგადოება და ბანკები”