LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში რეფინანსირებაზე მიბმული სესხების გადასახადი კიდევ გაიზრდება – “ინფლაციის დონე ბევრ ქვეყანაშია მაღალი, ამიტომ ყველა იწყებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას” / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

11
Copy of @fortuna106.9 (20)

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა და ის უკვე 11% გახდა.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება რეგულატორმა რუსეთ-უკრაინის ომის გამო წარმოქმნილი ახალი ინფლაციური მოლოდინებით ახსნა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი გაუძვირდება 191 800 ჩვენს თანამოქალაქეს. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 8.554 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

თემაზე „ბიზნესკურიერი“ გიორგი ნებულიშვილს, არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ეკონომიკურ ანალიტიკოსს ესაუბრა.

– ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების ძირითადი ახსნაა, რომ პანდემიიდან გამოსვლისას ახალი ეკონომიკური შოკი დაგვატყდა თავს. იმ შოკთან, რასაც უკრაინელი ხალხი განიცდის, ალბათ მოსატანიც არაა, მაგრამ საქართველოც ნაწილია გლობალური ეკონომიკის.

შენი ახსნა როგორი იქნება, ამ ზრდის? უფრო მეტსაც ველოდით, მაგრამ 11% შეიძლება ითქვას, რეფინანსირების განაკვეთის ისტორიული მაქსიმუმია…

– რეფინანსირების განაკვეთის შემოღების შემდეგ ასეთი მაღალი განაკვეთი არ ყოფილა და არ დაფიქსირებულა. ეს ზრდა ალბათ გაგრძელებაა იმ გამკაცრებული პოლიტიკის, რომელსაც ეროვნული ბანკი ატარებდა პანდემიის დროს და პანდემიის შემდგომ ინფლაციის შესამცირებლად.

თუმცა ახლა როგორც ახსენეთ, ამას თან დაერთო მეორე შოკი და ეს თავის მხრივ ცალკე იწვევს ინფლაციურ რისკებს. ფასების დონის ზრდა უფრო მოსალოდნელი ხდება იმ პირობებით, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმა გამოიწვია სხვადასხვა საგარეო შოკები, მაგალითად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სატრანზიტო მოძრაობა შეფერხებულია ამ სანქციების გამო და შესაძლებელია, რომ ეს იწვევდეს კონკრეტულ შეფერხებებს, ეს ჩვენთანაც აუცილებლად აისახება ფასების დონეზე. საწვავზე და ნავთობზე ფასები მკვეთრად იწვევდა და შესაბამისად გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციებს.

ყველაფერი აისახება ფასების ზრდაზე. ეს აჩენს ინფლაციურ მოლოდინებს, რადგან საკმაოდ დიდი ხსნის განმავლობაში ნარჩუნდებოდა ინფლაცია საქართველოში.  იმისთვის, რომ ეკონომიკურმა აგენტებმა ეს მოლოდინები შეცვალონ, საჭიროა, ეროვნული ბანკისგან დაინახონ ქმედება, რომელიც აისახება გამკაცრებულ მონიტარულ პოლიტიკაში იმ მიზნით, რომ შეიბოჭოს ინფლაცია და დაუბრუნდეს თავის მიზნობრივ მაჩვენებელს, შესაბამისად მოლოდინებიც ჩადგეს მწყობრში, ამ მიზნით მოხდა ნახევარი პროცენტით განაკვეთის ზრდა.

– საკმაოდ მაღალია 11 % , მაგრამ შეიძლება ითქვას, ეროვნულ ბანკს ცუდსა და უარესს შორის ჰქონდა არჩევანი გასაკეთებელი. ბევრი არჩევანი არც ყოფილა.  სამწუხაროდ რუსეთს ხორბლისა და მარცვლეულის მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

ამ ქვეყნის პორტები ფაქტობრივად გაჩერებულია. განსაკუთრებით მაღალია შავ ზღვაში რუსული პორტები. ყველა ელოდება სურსათზე ფასების მატებას, რაც უკვე დაწყებულია.

– ეს საკმაოდ ლეგიტიმური მოლოდინებია და ჩვენ შეიძლება ამ მომენტით სხვა მხრივ ვისარგებლოთ, რადგან ჩვენთან პორტებზე  მოთხოვნა გაზრდილია, ეს ჩვენ სავალუტო შემოდინებებისთვის კარგად გამოვიყენოთ.

– პირველი შოკის შემდეგ დოლარი გახდა 3 ლარი და 50 თეთრი. თუმცა შემდეგ ამ შოკმა გადაიარა და  ახლა თითქმის ერთი დოლარის ღირებულება სამამდეა ჩამოსული, რაც ალბათ მეტყველებს იმაზე, რომ მაკროეკონომიკური ფაქტორები არ გაუარესებულა და სავალუტო შემოდინებები პრინციპში ნორმალურადაა ქვეყანაში.

– პირველადი ეფექტი, როგორც ყოველთვის ემოციური იყო. როდესაც რაღაც მოვლენა ხდება, ადამიანები თავიანთი დანაზოგის უფრო მყარ ვალუტაში გადატანას ცდილობენ. ეს ყოველთვის ასე ხდება. შემდეგ იწყება სტაბილიზაცია და ახალი წონასწორობის გაჩენა, ან ძველ წონასწორობაში დაბრუნება.

როგორც ახლა ვხედავთ, დაახლოებით ძველი წონასწორობის ტრენდი უჭირავს დოლარს, სამლარიან ნიშნულს უახლოვდება, საიდანაც დაიწყო ნახტომისებური ავარდნა.

– ჩვენ ხშირად გვესმის ეროვნული ბანკის კრიტიკა. ზოგი აბრალებს, რომ მონეტარული პოლიტიკა დროულად უნდა გაგემკაცრებინათ, ზოგი კი საერთოდ მონეტარული პოლიტიკის მომხრეც არაა.

სხვადასხვა მოსაზრებებია, თუმცა მნიშვნელოვანია ავხსნათ, რატომ იყო ასეთი გამოუვალი მდგომარეობა ეროვნული ბანკისთვის და ზოგადად რეგულატორებისთვის.

მთელ მსოფლიოში მოსალოდნელია საპროცენტო განაკვეთების ზრდა. ამერიკის ცენტრალური ბანკიც აანონსებს, რომ პანდემიის შემდეგ აპირებდნენ საპროცენტო განაკვეთების აწევას, ეს ტენდენცია მთელს მსოფლიოში შესამჩნევია.

– მსოფლიოში პანდემიის შემდეგ ინფლაციური ზეწოლები დაწყებულია, ინფლაციის საერთო დონე ბევრ ქვეყანაში საკმაოდ მაღალია. ამიტომ ყველა იწყებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პოლიტიკას. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მარტივად რომ ავხსნათ, გავლენას ახდენს ეკონომიკაში ფულზე მოთხოვნაზე.

რაც უფრო დაბალია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ნიშნავს, რომ ფული უფრო იაფია.

შესაბამისად ფულზე მოთხოვნა თუნდაც კომპანიების მხრიდან არის უფრო მაღალი და უფრო მაღალ ეკონომიკურ აქტივობაში ითარგმნება და მაღალი ეკონომიკური აქტივობა თავის მხრივ ითარგმნება ფასებზე მაღალ ზეწოლაში. ინფლაციური წნეხი იქმნება ფასებზე.

– შესაბამისად ფასებიც იზრდება…

– ფასების საერთო დონე იწყებს ზრდას. ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკი ცდილობს, როგორღაც გააძვიროს ეკონომიკაში ფული და ეკონომიკაში შემცირდეს ფულზე მოთხოვნა. რაც დააგდებს ეკონომიკური აქტივობის ტემპს და შესაბამისად ნაკლებ ზეწოლას მოახდენს ფასებზე, ამ შემთხვევაში ფასების ზრდა ნაკლებად მოხდება. ესაა მონეტარული პოლიტიკის ბერკეტის გამოყენების მთავარი მიზეზი.

– სამწუხაროდ ამ შემთხვევაში ფასების ზრდა გაცილებით უფრო მეტად ურტყამს ჩვენს ჯიბეებს, ვიდრე ვთქვათ ეკონომიკური აქტივობის შეზღუდვა.

პროგნოზი დღეს იყო დაახლოებით 5-6 %-იანი. ეკონომიკური ზრდა ამ ახალი რეალობის გათვალისწინებით, არ ვიცი, რამდენად გამოვა, მაგრამ შესაძლებელია, რომ დიდი შემცირების ზონიდან, წელს რეცესია საქართველოს ეკონომიკას არ ექნება და გაიზრდება…

– რეცესია არ ემუქრება, უბრალოდ ზრდა დაკორექტირდა და მოსალოდნელი ზრდა დაახლოებით 3-4 %-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, რაც უკვე გამოწვეული იქნება ახალი მოვლენებით, რაც ბოლო ერთი თვეა, ხდება.

– მოსალოდნელია, რომ ლარში სესხებზე პროცენტი გაიზრდება. ისედაც არ იყო დაბალი, რეფინანსირების განაკვეთის ზრდის გამო. 191 ათას 800 სესხია გაცემული, პირველი მარტის მონაცემებით. დაახლოებით ამდენ ადამიანს და კომპანიას აქვს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი. არამხოლოდ მათ, ახლა ვინც აიღებს, ალბათ მათთვისაც ცოტა ძვირი იქნება.

– არსებული სესხები, რომელიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული, რა თქმა უნდა, გაძვირდება. ახალი სესხებიც უფრო მაღალ პროცენტში გაიცემა. ზუსტად ამ მექანიზმით ხდება ფულის მოთხოვნაზე მოქმედება.

ეროვნული ბანკი აძვირებს ფულს კომერციული ბანკებისთვის და შემდეგ ეს ყველაფერი კლიენტებზე ფულის მოთხოვნაზე აისახება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g