LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფრასტრუქტურის სამინისტრო – საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე დაწესებული შეზღუდვები მინიმუმამდეა დაყვანილი

7

ქვეყნის მასშტაბით, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დიდთოვლობის გამო დაწესებული შეზღუდვები მინიმუმამდეა დაყვანილი. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, სამეგრელოსა და იმერეთში ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ყველა ძირითად გზაზე გადაადგილება შესაძლებელია.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი თოვლის საფარისგან გაწმენდილია და დღის პირველი ნახევრიდან დაგეგმილია ერთადერთი არსებული შეზღუდვის – მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის მოხსნა. როგორც გზების დეპარტამენტში განმარტავენ, აკრძალვა დაწესებული იყო პრევენციის მიზნით, რადგან ყინვის პირობებში, მისაბმელიანი მანქანების მიერ შექმნილი შეფერხების შემთხვევაში არსებობდა გზის მთლიანად ჩაკეტვის რისკი.

აღმოსავლეთ საქართველოში გაძნელებული იყო მიმოსვლა ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზაზე, სადაც ამ დროისათვის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვლისა და ლიპყინულის გამო, მოძრაობის სპეციალური რეჟიმები დაწესებულია საავტომობლო გზების შემდეგ მონაკვეთებზე: მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა–გუდაურის(ფოსტას) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო არაგვისპირი-მლეთის და კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138-კმ248 ჩუმათელეთი-ზესტაფონი-ნახშირღელე-ქუთაისის შემოსავლელი გზა-ბაშის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ71 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ37-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ50-კმ71 მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ70 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე დასაშვებია ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის კმ71-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თბილისი–ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი ) საავტომობილო გზის კმ104–კმ119 მონაკვეთზე (ბაკურციხე-წნორი) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების – ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, მგზავრთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოძრაობა აიკრძალა შემდეგ მიმართულებებზე: კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ110–კმ146 (როდიონოვკა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ20-კმ30 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები მთელი საქართველოს მასშტაბით გზის გაწმენდით სამუშაოებს 24 საათის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.