ყველა მშობელს აინტერესებს, როგორ დავიცვათ ბავშვები ვირუსებისგან. საზოგადოების ნაწილი კვლავ მიიჩნევს, რომ გაციებისა და გრიპის პრევენციის საუკეთესო საშუალება ვიტამინებია, რომელიც იმუნიტეტს აძლიერებს და მოსალოდნელი ვირუსებისგან გვიცავს. ამ თემაზე მშობლის მიერ დასმულ კითხვას „ფეისბუქზე“ პედიატრი ინგა მამუჩიშვილი ეხმიანება.
კითხვაზე, უნდა მივცეთ თუ არა ბავშვს ვიტამინები ვირუსებისგან თავის დასაცავად, ექიმი პასუხობს:
„მოგესალმებით, გეთანხმებით უკვე იმატა ვირუსული ინფექციების რიცხვმა… ჯერჯერობით საპანიკო არაფერი გვაქვს, დაიცავით ჰიგიენის წესები, მოარიდეთ პატარები ადამიანთა თავშეყრის ადგილებში ყოფნას, დაალაგეთ ოთახები სველი წესით, ხშირად გაანიავეთ, მიიღეთ მეტი სითხე და ვიტამინებით მდიდარი საკვები, ვირუსის სიმპტომების შემთხვევაში იხმარეთ ნიღაბი, არ წაიყვანოთ ავადმყოფი ბავშვი ბავშვთა დაწესებულებაში… არსებობს ცხვირზე მოსასმელი მაზები, რომლებიც ნაწილობრივ იცავს ვირუსებისგან… მაგრამ, როგორც ყოველთვის, გრიპის ეპიდემიის მოლოდინი დეკემბრის თვისთვისაა, თადარიგი ეხლავე დაიჭირეთ და აცერით ბავშვები გრიპზე, მიაკითხეთ თქვენს ოჯახის ექიმებს ოქტომბრის ბოლომდე… მე პირადად წელს ჩემს ბავშვებს აუცილებლად გავუკეთებ ვაქცინას და მეც პირადად ავიცრები… ჯანმრთელობას გისურვებთ”