LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინიციატივა არის ფრაგმენტული ხასიათის და შინაარსობრივად პრობლემური: NGO-ები ნარკოტიკების ოდენობებზე კანონპროექტს ეხმიანებიან

67
BeFunky-collage

“ინიცირებული კანონპროექტი, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ვალდებულებასთან ერთად, პარლამენტის მიერ ამ პრობლემის ერთგვარ აღიარებას წარმოადგენს. ამის მიუხედავად, შემოთავაზებული ინიციატივა ვერ პასუხობს მოქმედი ნარკოპოლიტიკით დაზარალებული ადამიანების რეალურ საჭიროებებს, არის ფრაგმენტული ხასიათის და შინაარსობრივად პრობლემური.” – სამოქალაქო ორგანიზაციები ნარკოტიკების ოდენობებზე კანონპროექტს ეხმიანებიან და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

საუბარია კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტში მიმდინარე კვირას დარეგისტრირდა.

კანონის პროექტი სახელწოდებით “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ”, მიზნად ისახავს ახლებურად განსაზღვროს 8 ნარკოტიკული საშუალების მცირე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყისი, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები.

8 ნარკოტიკზე ოდენობების განსასაზღვრად პარლამენტში კანონპროექტი დარეგისტრირდა: გამოიწვევს თუ არა ცვლილება სასჯელების გადახედვას, სარჯველაძე განმარტავს

გავრცელებულ მიმართვას ხელს აწერს ოთხი ორგანიზაცია:

  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი;
  • ალტერნატივა ჯორჯია;
  • ნარკოტიკის მომხმარებელთა ევრაზიის ქსელი და მსოფლიო ექიმები – საფრანგეთი.

მიმართვის ავტორები აღნიშნავენ, რომ ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების განუსაზღვრელობა, ან არაადეკვატურად მცირე ოდენობების დადგენა დღემდე რჩება ნარკოპოლიტიკის არაჰუმანურობის ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ. ამგვარი ნორმატიული ბაზის პირობებში, მოხმარებისთვის უვარგისი, ან პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობაც კი იწვევს მკაცრი სასჯელების შეფარდებას.

ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შემოთავაზებული ინიციატივა არის ფრაგმენტული ხასიათის და შინაარსობრივად პრობლემური ქვემოთ მოყვანილი მიზეზების გამო:

➤  კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, მოქმედი კანონისგან განსხვავებულად მოწესრიგდება ოდენობები იმ ნარკოტიკულ საშუალებებზე, რომლებიც პრაქტიკაში გავრცელებისა და მოხმარების დიდი სიხშირით გამოირჩევა. მაშინ, როდესაც ქვეყანაში დღემდე გამოწვევად რჩება ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების ერთიანად დამუშავება და ამ ინფორმაციის შესაბამისად ნარკოპოლიტიკის დაგეგმვა, გაუგებარია, თუ რა წყაროებსა და კვლევებს ეყრდნობა საკანონმდებლო ინიციატორთა მიდგომა და რა არგუმენტით არ არის ამ ჩამონათვალში სხვა ნარკოტიკული ნივთიერებები, რომელთა მოხმარება ქვეყანაში ასევე მაღალია;

➤   განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ ოდენობათა დაანგარიშების მეთოდი დაეყრდნო ერთობლივად სამეცნიერო ლიტერატურას და ლაბორატორიული ექსპერტიზის პრაქტიკას იმის თაობაზე, თუ როგორი სუბსტანციის ფორმით ხდება ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალების არალეგალური ფორმით ბრუნვიდან ამოღება და ოდენობის გამოთვლა. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს საერთაშორისო სტანდარტი ნარკოტიკული თუ ფსიქოტროპული ნივთიერებების ოდენობების განსაზღვრის თაობაზე და ყველა ქვეყანა მას საკუთარი შეხედულებისამებრ ადგენს, ცვლილებამ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსი ბრუნვიდან ამოღებულ ნივთიერებათა გავრცელების კონტროლსა და მომხმარებლის უფლებებს შორის. ამ თვალსაზრისით, ბუნდოვანია, თუ რა პრინციპით განისაზღვრა დასახელებულ ნივთიერებათა მომხმარებლის ერთჯერადი დოზები და ახლებურად ჩამოყალიბებული ოდენობები ვერ იქნება მიჩნეული მოხმარებასთან დაკავშირებული ეფექტის გამომწვევ ოდენობად;

➤  კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ნაწილის ოდენობების განსაზღვრით დაიხვეწება ბრუნვიდან ამოღებულ ნივთიერებათა ნუსხა და შესრულდება ქვეყანაში მოქმედი ნარკოპოლიტიკის რეფორმირების თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის რეკომენდაციები. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი საქართველოს მიუთითებს როგორც უმცირესი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების ფლობისა და მოხმარების დასჯადობის პრობლემურობაზე, ასევე ზოგადად ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიდგომებზე დამყარებული ნარკოპოლიტიკის აუცილებლობაზე;

“არსებული მკაცრი და დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკის ფონზე, შემოთავაზებული კანონპროექტი ვერ გვთავაზობს პრინციპულად ახლებურ ხედვებს და კონკრეტული ნივთიერებების მიმართაც ვერ განსაზღვრავს ადეკვატურ ოდენობებს”. – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

აქედან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ პარლამენტს:

◾  სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ახლებურად განსაზღვრის პროცესში უზრუნველყოფილი იყოს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და ნარკოტიკების მომხმარებელთა თემის წარმომადგენლების ჩართულობა და მათი მოსაზრებების ირგვლივ პროფესიული დისკუსია;

◾  გააფართოვოს იმ ნარკოტიკულ საშუალებათა ჩამონათვალი, რომელთა ოდენობებიც ახლებურად მოწესრიგდება და ამ პროცესში იხელმძღვანელოს სამეცნიერო ლიტერატურასა და პრაქტიკაში მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის ნათელი და განჭვრეტადი მიდგომებით;

◾  ოდენობების განსაზღვრის პარალელურად, დაიწყოს მუშაობა ნარკოპოლიტიკის სისტემურ რეფორმაზე, რომლის მიზანიც იქნება პრევენციაზე, ზრუნვასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა.

magti 5g