საკანონმდებლო ორგანოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე საგამოძიებო კომისიის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ და დაამტკიცებენ.
„ევროპელი სოციალისტების” წევრი ფრიდონ ინჯია კომისიას სთავაზობს, რომ არჩევნების შედეგების გადათვლისას უბნების ასარჩევად ლოტოს პრინციპი გამოიყენონ.
მისივე თქმით, კომისიის ბიუჯეტში უნდა ჩაიდოს მივლინების თანხებიც. კერძოდ, რეგიონებიდან თბილისში კომისიების თავმჯდომარეების, მდივნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების ჩამოსაყვანად, როცა მათ უწყება გაეგზავნებათ დათვლის პროცესზე დასასწრებად.
„10 რეგიონი გვაქვს თბილისის ჩათვლით, სადაც თითოში 12 საოლქო უბანია, ამ საოლქო უბნებში კიდევ არის უბნებიც, დაახლოებით, 40-45. როგორც ლოტოს თამაშობენ, ჩავყაროთ ყველა უბნის ნომერი ყუთში და დავატრიალოთ.
მთვლელი ამოიღებს უბნების ნომრებს და დათვლის. თუ მოვილაპარაკებთ, რომ 50 უბანი უნდა გადავითვალოთ, იქნება 50, თუ არადა, 100. 100 უბანი განაწილდება 8 რეგიონზე და დასათვლელი იქნება 12-13 უბანი. ამით ჩვენ გარანტირებული ვიქნებით, რომ არ მოგვიძებნია რომელიმე უბანი, ან რაღაც მიკერძოებულად არ იყო. შემთხვევით შერჩევის პრინციპით ამოვარჩევთ ამ უბნებს“. – განაცხადა ინჯიამ.
შეგახსენებთ, კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა 13 მაისს გაიმართა, სადაც კომისიის თავმჯდომარედ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე აირჩიეს.