LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინოვაცია ქართულ სამშენებლო ბაზარზე – შესაძლოა, მალე ნამჯის სახლები ააშენონ

684

საქართველოში უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ნამჯის სახლები ააშენონ. როგორც ”ფორტუნას” დამწყებმა მეწარმემ, ნინო ამბოკაძემ განუცხადა, ნამჯის სახლების ბიზნესით ცოტა ხნის წინ დაინტერესდა და პროექტის გეგმაც შეიმუშავა.

”საქართველოში არ ვიცი, რამდენად პოპულარული  გახდება ამ ტიპის სახლები, თუმცა იმისთვის რომ მოთხოვნა გაჩნდეს, საჭიროა სატესტო რეჟიმში 2-3 ნამჯის სახლის აშენება. მაგალითად, აშშ-სა და ევროპაში ნამჯის სახლები საკმაოდ მოთხოვნადია, განსაკუთრებით ტურისტულ-რეკრეაციულ ზონებში. ესაა ყველაზე იაფი, ყველაზე ენერგოეფექტური, ეკოლოგიური სახლი”, – აღნიშნა ამბოკაძემ.

მისივე თქმით, სახლის მშენებლობა ძალიან მარტივია და იაფიც ჯდება, დაახლობით 4000 ლარამდე.

”ვმონაწილეობ ახალგაზრდების დასაქმების ახალ პროგრამაში – „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ- შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტი საქართველოში”.  თუ ჩემი ბიზნეს-გეგმა დაფინანსდა, ვაპირებ ნამჯის რამდენიმე სახლი საქართველოს ისეთ რეგიონებში ავაშენო, სადაც განსაკუთრებით მკაცრი კლიმატური პირობებია, ვინაიდან აღნიშნული სახლები განსაკუთრებით ინარჩუნებენ სითბოს”, – განმარტა დამწყებმა მეწარმემ.

ნინო ამბოკაძის თქმით, ერთადერთი პრობლემა დიდი რაოდენობით ნამჯის სახლების აშენებისთვის, თვითონ მასალის- ნამჯის დეფიციტია,  ვინაიდან, საქართველოში ნამჯა დეფიციტურია. ”საკმარისი რაოდენობით ხორბლის ყანები არ გვაქვს. გარდა ამისა, გლეხები ნამჯას წვავენ. ვფიქრობ, ეს პროექტი თუ დავიწყე ,  ის გლეხებსაც დააინტერესებთ, რადგან გარდა ხორბლის მოსავლისა, დამატებით შემოსავალს ნამჯის გაყიდვითაც მიიღებენ”,- დასძინა ბიზნეს-გეგმის ავტორმა.

მისივე თქმით, საქართველოში ნამჯის სახლები გათვლილი იქნება ძირითადად ტურისტებზე, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა სახლებს ითხოვენ. გარდა ამისა, ნამჯით შესაძლებელია სოფლის მეურნეობაში ფერმებისა და სათბურების აშენებაც.

ცნობისთვის, ევროპის, ამერიკის, რუსეთის, უკრაინის სოფლებში სულ უფრო პოპულარული ხდება ნამჯის სახლების მშენებლობა. იგება ხის კარკასი და ბლოკებად ლაგდება შეკრული ნამჯა (ტუკები), ილესება გარედან თიხით ან სილა-ცემენტის ხსნარით, ანდა ეკვრება ფასადის ფილები, უშენდება აგურის პერანგი და სხვა. შიგნიდან ილესება თიხით ან გაჯით, მოპირკეთდება აგურით, ხით და სხვა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g