მხატვარი ნანუკა გოცაძე მომხმარებლებს ხელით დამუშავებულ ავეჯს, ძველი ავეჯის რესტავრირებას, ქალის აქსესუარებს, ნახატებსა და ინტერიერის დეკორაციებს სთავაზობს. როგორც ხელოვანმა „ფორტუნა პლუსს“ განუცხადა, ყველაფერს ნატურალური ტყავით ან ნატურალური ხით ამზადებს.
„ჩემი პირველი პროექტი იყო სანათები. მას შემდეგ, დავიწყე სხვადასხვა ნივთებისა და აქსესუარების დამზადება. ვფიქრობ, ფასებიც ხელმისაწვდომია. მომხმარებლებს ჩემი საყურეების შეძენა 25-დან 55 ლარის ფარგლებში შეუძლიათ, სამაჯურების 20-55 ლარის ფარგლებში, ყელსაბამების ფასი კი 50 ლარიდან იწყება და 90 ლარამდე აღწევს. რაც შეეხება სანათებს, მისი ფასი 55 ლარიდან 350 ლარამდე მერყეობს, ინტერიერის დეკორაციებიც 55 ლარიდან იწყება და 150 ლარამდე აღწევს. ამ ბოლო დროს, ძალიან „ტრენდულია“ ე.წ. ქამარი-საფულეები, რომელსაც ნატურალური ტყავისგან ვამზადებ. მისი ფასი 50 ლარიდან 90 ლარამდე მერყეობს“, – აღნიშნა გოცაძემ.
მისივე ინფორმაციით, მხატვრისა და ხელოვანის პროდუქცია ამჟამად სავაჭრო ცენტრ „ჯი თი სი“-ის ღია showroom-ში არის წარმოდგენილი, უახლოეს მომავალში კი ნაფარეულის 6 ნომერში ნანუკა გოცაძის პროდუქციის მაღაზია გაიხსნება.