მსოფლიო ბანკმა საქართველოს შესახებ ვიდეორგოლი გადაიღო. ვიდეორგოლის მთავარი გმირი, საქართველოს მაღალმთიანი სოფლის – არგოხის სკოლის პედაგოგი ინგა ხვედელიძეა. ის თავის გამოცდილებიდან ინტერნეტიზაციის და ციფრული ტექნოლოგიების მნიშვნელობას გვიზიარებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი ხელმისაწვდომობა სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, განსაკუთრებით კი პანდემიის პერიოდში.
ვიდეორგოლი მოგვითხრობს ამბავს თუ როგორ ეხმარება მსოფლიო ბანკი საქართველოს სიღარიბის დაძლევაში სხვადასხვა მიმდინარე პროექტებით, როგორიცაა: Log-in Georgia და Innovation, Inclusion and Quality Project.
Log-in Georgia პროექტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომ პროექტის საშუალებით მსოფლიო ბანკი მხარს დაუჭერს საქართველოს ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარების ეროვნულ სტრატეგიას 2020-2025 წლებისთვის. პროექტი ხელს შეუწყობს 1000-მდე სოფლის, მათ შორის, მაღალმთიანი დასახლებული პუნქტების დაკავშირებას მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომ სწრაფ ინტერნეტსერვისთან.
პროექტით გათვალისწინებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განხორციელებით სარგებელს მიიღებს დაახლოებით 500 ათასი ადამიანი, რომელიც ამჟამად მაღალი ხარისხის, მაღალსიჩქარიან ინტერნეტს მოკლებულ რაიონებში ცხოვრობს.
Innovation, Inclusion and Quality-ს 102.7 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებას სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, ხარისხიანი განათლებისა და ხელსაყრელი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფას.
17 ოქტომბერს მსოფლიო სიღარიბესთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს. ვიდეორგოლი სიმბოლურად ამ დღეს ეძღვნება. რომელიც დღეს მსოფლიო ბანკის სოციალური მედიისა და ოფიციალურ ონლაინ გვერდზე გამოქვეყნდა.