საქართველოში უკვე წლებია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის ტემპი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ანალიტიკოსები სიტუაციის გამოსწორებას მომავალი წლიდან ელიან, რაც პანდემიის ეფექტი სრულად ამოიწურება.
თუმცა რჩება ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორი, მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი დამოუკიდებელი სასამართლოა.
რა პრობლემებს აწყდებიან ინვესტორები და ბიზნესმენები საქართველოში?
თემაზე „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად რაულ აგიკიანი – იურიდიული კომპანია აი.ელ.სი-ს დირექტორი საუბრობს.

– რაულ, რა თქმა უნდა, ქვეყანაში ინვესტიციის შემოსვლას ძალიან ბევრი ფაქტორის თანხვედრა სჭირდება. ის, რომ საქართველო კარგი ქვეყანა იყო ბიზნესის დაწყებისთვის, ეს გავიგეთ, წლებია ასეა. თუმცა არის სხვა ფაქტორებიც, რომელიც ძალიან ნელა, ან საერთოდ არ სწორდება და უარყოფითად მოქმედებს ყველაფერზე.
რა პრობლემები აქვთ დღეს ინვესტორებს და რატომ არ დებენ ძველი ხალისით თანხას ჩვენ ქვეყანაში?
– ძალიან კომპლექსური საკითხია. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს ოკუპაციის პრობლემა, რომელიც უცხოური ინვესტიციისთვის დიდი რისკია. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს პოლიტიკური არასტაბილურობა, რომელიც ძალიან ხშირად ვლინდება ამ ქვეყანაში. დღემდე ვერ ვახერხებთ ევროკავშირის რეკომენდაციებით დეპოლარიზაციას.
ჩვენ გვაქვს სასამართლოს ნდობის პრობლემა. ჩვენ არაერთი ხელშეკრულება ვნახეთ, რომელიც თავის დროზე დაიწყო, შემდეგ კი სახელმწიფოს მიერ შეცვლილი პოლიტიკური ნების და პოლიტიკური დივიდენდების გამო ჩაიშალა.
შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ ანაკლიის პორტი, ნამოხვანჰესი და კიდევ ძალიან ბევრი პროექტი, სადაც სახელმწიფომ ჯერ შემოიყვანა ინვესტორი, მისცა მას გარკვეული გარანტიები, ხოლო შემდეგ ეს საკითხი ჩავარდა.
შეიძლება ბევრი ვისაუბროთ, თუ რა დააშავა ინვესტორმა. რა ვალდებულებები არ შესრულდა და რა შესრულდა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ გვერდიდან, როდესაც ჩვენ უცხოურ ინვესტიციებზე ვსაუბრობთ, ძალიან ცუდადა ჩანს ეს ყველაფერი და ცუდადა აღიქმება.
მით უფრო, როდესაც ხელისუფლება და სამთავრობო გუნდები, არ იძლევიან დეტალურ განმარტებებს. ჩვენ დღემდე არ ვიცით, რა მოხდა ნამოხვანჰესთან დაკავშირებით. ამაზე სახელმწიფო არ საუბრობს.
არ ვიცით, რა ხდება ანაკლიაზე. რა მივიღეთ „სითი პარკის“ ჩანაცვლებით,
ამაზე ქვეყანა უნდა საუბრობდეს.
კიდევ ერთი საკითხი, რაც აქ აქტუალურია, არის ის, რომ უცხოეთში არ ვაგზავნით შესაბამის მესიჯებს.
იყო ეკონომიკური ატაშეების იდეა, რომ ინვესტორების მოზიდვისთვის უნდა ყოფილიყო შესაბამისი დიპლომატიური მისიებში წარდგენილი ხალხი.
რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე ამ ხალხის მოძიება?
ჩვენი საელჩოები რას აკეთებენ ამ ყველაფრისთვის?
საქართველოში როცა ველაპარაკებით საელჩოს წარმომადგენლებს, ამათუ იმ ფესტივალზე, ის დაინტერესებულია, რომ გასაღების ბაზარი იპოვოს ქვეყანაში.
უნდა, რომ თავისი ქვეყნიდან შენთან შემოვიდეს პროდუქტი და არა ის, რომ აქ შემოგიყვანოს ინვესტორი.
ელჩებს რას ვაკეთებინებთ ამ ყველაფრისთვის, ეს უნდა იყოს ხელმისაწვდომი და საჯარო.
კიდევ უფრო სიღრმეებში რომ ჩავიდეთ, გვხვდება ბიუროკრატიული ბარიერები. ამას ხან ასოცირების ხელშეკრულებას აბრალებენ, ხან ევროდირექტივებს და სინამდვილეში ხშირ შემთხვევაში ვაწყდებით იმას, რომ ხელოვნურად შექმნილი სიპი თუ აიპი, ფიქრობს იმაზე, რომ დამოუკიდებელი და დამატებითი ფუნქციები მოიპოვოს თავისი არსებობის გასამართლებლად.
ჩვენ საჯარო რეესტრით ვამაყობდით. წლების განმავლობაში ნამდვილად ვიყავით მისაბაძი, მაგრამ ახლა ძალიან ბევრი პრობლემა იქმნება. აპოსტილით დამოწმებული აღიარებაზეც კი ქმნიან პრობლემას და ასე ხდება ვალდებულებებზე ნაწილობრივი უარის თქმა.
მივედით იქამდე, რომ უძრავი ქონების მიწის ნაკვეთების გაყოფა და გაერთიანება რომ სურს მესაკუთრეს, უქმნიან პრობლემას. საჯარო რეესტრიდან მუნიციპალიტეტში გზავნიან და მუნიციპალიტეტიდან გაურკვეველ სამსახურებში.
დაარბენინებენ ხალხს და მიდიან იქამდე, რომ საათობით რეესტრში რიგებში დგომა, ყოველდღიურობა ხდება.
– ბიუროკრატიასთან დაკავშირებით ჩვენ რასაც ვხედავთ, არის ის, რომ მთავრობა იმისათვის, რომ მეტი უცხოური ინვესტიცია მოიზიდოს, ბიუროკრატიას ზრდის, პრემიერ – მინისტრი ძვირად ღირებულ მრჩეველს ინიშნავს უცხოელს, რომელიც ინვესტიციების მოზიდვაში უნდა დაგვეხმაროს და ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს, მაგრამ რეალურად იზრდება ბოუროკრატია.
შედეგი კი სამწუხაროდ არ ჩანს, რადგან არც ერთ ბიზნესმენს და არც ერთ ინვესტორს გაზრდილი რეგულაციები და ბიუროკრატია არ მოსწონს.
– ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ინვესტორისთვის მნიშვნელოვანი არაა, რამდენ ჰალსტუხიან და დაწყობილსახიან, საშვებით მოსიარულე ჩინოვნიკს შეხვდება. მას პირველ რიგში ის აინტერესებს, რომ მის გვერდით დგას სახელმწიფო, როცა ეს მას სჭირდება.
ასობით ქეისია, როცა ესა თუ ის უძრავი ქონება შეძენილი იქნა ინვესტორის მიერ, სამუშაოები დაწყებული იყო და შემდეგ სახელმწიფოს გაურკვეველი მიზეზით შეუჩერებია.
ერთ-ერთ საინვესტიციო პროექტზე ვმუშაობთ, როდესაც ინვესტორმა იყიდა უძრავი ქონება, ეს მოხდა ძალიან დიდი ხნის წინ, 2007 წელს, ნებართვებიც შეთანხმებული იყო, თუმცა 2015 წლიდან მორატორიუმი იქნა გამოცხადებული და დღემდე ადეკვატურ პასუხს, თუ სანამდე გაგრძელდება მორატორიუმი, ან რას ველოდებით, პასუხი არ გვაქვს. არავინ პასუხს ამაზე არ სცემს.
როდესაც ასეთ შემთხვევას აწყდები ინვესტორი, ბუნებრივია სხვა შენს კოლეგებს და ნაცნობებს იგივე მესიჯებს უგზავნი.
ეს ერთი კონკრეტული ინვესტორი, რომელმაც 1 მილიონი ჩადო ინვესტიციაში, რომელიც შეჩერდა, როდესაც პასუხს ვერ იღებს, რატომ ვერ მოხდა ასე, ურჩევს სხვას საქართველოში ფულის ჩადებას?
– ისიც აღსანიშნავია, რომ საქართველო მარტო არაა დედამიწის ზურგზე. ის, რითაც გამოირჩეოდა საქართველო, ნაკლები გადასახადები იყო და ინვესტორებისთვის ამით მიმზიდველი იყო, თუმცა ახლა ინვესტიციები იშლება და ნაკლებად მიმზიდველი ხდებიან.
ძალიან ბევრი ქვეყანაა ჩვენს ირგვლივ, სადაც შეიძლება, წავიდეს ინვესტორი. როდესაც ინვესტორი, შვიდი წელია, რაღაცას ელოდება.. მე მის ადგილზე კარგა ხნის გაქცეული ვიქნებოდი..
– აუცილებლად გაიქცევა, უბრალოდ ახლა ფული აქვს ჩადებული და ის ადარდებს.
ჩვენ სამწუხაროდ გვახასიათებს უდარდელი და ზერელე დამოკიდებულება. (რასაც ილია ჭავჭავაძე ამბობდა ქართველებზე).
ეკონომიკურ გუნდში საუბრობენ, რომ ზრდა არის, ხომ უნდა განვმარტოთ, რის ხარჯზეა ის მიღწეული.
ის რომ უკრაინაში ომია და უკრაინა გაიმარჯვებს, ეს ხომ ვიცით და ამის შემდეგ, როდესაც ეს ეფექტი გადაივლის, უკრაინა ლიდერი გახდება რეგიონში საინვესტიციო მიზიდულობის თვალსაზრისით.
მთელი მსოფლიო კაპიტალი იქ დაიძვრება.
ჩვენ ამ დროს სად ვიქნებით, რას განვავითარებთ და რა შეგვრჩება, რით ვიქნებით ეკონომიკურად კონკურენტუნარიანი. რას შევთავაზებთ საერთაშორისო ბაზარზე.
ამ მიმართულებით სამართლებრივ საკითხებზე დღეს ხომ უნდა ვმსჯელობდეთ?
– დაგეთანხმებით, რომ ხედვა უნდა არსებობდეს და არ უნდა ხდებოდეს ისე, რომ მოკლევადიანი პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის, ჩვენ არამხოლოდ ერთ კონკრეტულ ინვესტიციას ვწირავთ და ვქმნით ძალიან ცუდ პრეცედენტებს, იმისთვის, რომ სხვასაც მოუნდეს ამ ქვეყანაში ფულის ჩადება.
– ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ის ინვესტორები, რომლებიც საქართველოში მოდიან, არიან ხალხი, რომლებიც ამ ქვეყნის გვერდით დგანან.
ქვეყნის გვერდით დგომა მარტო იმას არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც გულზე მჯიღი იცეს ფსევდოპატრიოტულად. როდესაც საქართველოდან ისრაელში წასული ადამიანი სენტიმენტების გამო საქართველოში კვლავ ფულს აბანდებს და სხვებსაც ურჩევს, როდესაც საქართველოში ხალხი ჩამოდის, რომლებსაც მანამდე ჩვენთან შეხება არ ჰქონიათ, მაგრამ დაიჯერეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენ ეს უნდა გვიხაროდეს. ასეთი ხალხის გვერდით უნდა იდგეს სახელმწიფო.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სახელმწიფო არ უნდა მსჯელობდეს ისე, როგორც შეიძლება იმსჯელოს მაგალითად ადამიანმა, რომელსაც არ გააჩნია არავითარი ეკონომიკური ცოდნა. მე მესმის ამ ხალხის , რომლებსაც ჰქონიათ, რომ ინვესტორი მოვა და ქართველობას წაგვართმევს.
მაგრამ სახელმწიფოს სათავეში მყოფმა პირებმა სხვანაირად უნდა იფიქრონ. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ინვესტორები, რომლებიც აქ ჩამოდიან, მათ უნდა გავუფრთხილდეთ.
ინვესტორი არაა ადამიანი, რომელიც საქართველოში ჩამოდის მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანა უყვარს.
ასეთი მიდგომა არ უნდა გვქონდეს. რა თქმა უნდა, ყველგან არის ხოლმე ხალხის პროტესტი. მაგრამ ხედვა იმისა, რომ ამ საკითხებს მივხედოთ და ნება, რომ მოდი, საკითხები მოვაწესრიგოთ, ეს უნდა გაჟღერდეს საინვესტიციო სივრცეში.
კაპიტალის ბაზრის რეფორმაა საჭირო.
ჩვენნაირი ეკონომიკის ქვეყნებისთვის ბევრი ინიციატივაა მუდმივად საჭირო, რადგან ჩვენ არ ვართ მდიდრები.
როდესაც ჩვენ მივაღწევთ თუნდაც ესტონეთისა და თუნდაც ლიეტუვის დონეს, მერე შეიძლება ვთქვათ, რომ შედარებით წყნარად ვიყოთ.
მაგრამ ამ დროისთვის, როდესაც ძალიან ღარიბები ვართ, ყველა მიმართულებით გარღვევაა საჭირო. ყველა ვთანხმდებით, რომ კაპიტალის ბაზრის რეფორმაში სახელმწიფოს როლი ძალიან დიდი უნდა იყოს.