2 წლიანი პანდემიის შემდეგ ბიზნესი ნელ-ნელა გამოდის შოკური მდგომარეობიდან. ზოგიერთ სექტორში აღდგენის პროცესი უფრო დაჩქარდა.
თუმცა ქვეყნისთვის კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.
ანალიტიკოსების ნაწილი სიტუაციის გამოსწორებას შემდეგ წლებში ელოდება.
რა გამოწვევები აქვს დღეს ქართულ ბიზნესს, როგორია სახელმწიფოს როლი და მნიშვნელობა პრობლემების მოგვარებაში? რატომ გვიჭირს ინვესტიციების მოზიდვა?
თემაზე „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად ბიდიოს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი საუბრობს.

– რა მდგომარეობაა დღეს ბიზნესში, გარკვეული სექტორები უფრო სწრაფად აღდგა, ვიდრე მოსალოდნელი იყო, ტურიზმის სექტორზე ვსაუბრობ. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რომ ამას ჯაჭვური რეაქცია და კარგი, გადამდები ეფექტი აქვს.
– პანდემიის დასრულებამ გამოიწვია მასპინძლობის სექტორის გაჯანსაღება. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა 2022 წლის მეორე ნახევრიდან.
დიდი ეფექტი იქონია ჩვენზე ომმა. შემოვიდა, რუსი, უკრაინელი თუ ბელორუსი ვიზიტორი. ამან გამოიწვია მოხმარების ძალიან დიდი ზრდა. ეს ეხება მასპინძლობის სექტორს, ეხება პირველადი მოხმარების პროდუქციას.
აქ კიდე ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო, ხალხისა და ფულის შემოსვლა, რომელმაც გამოიწვია კურსის გამყარება, ამან ზოგიერთ ბიზნესზე მოახდინა პოზიტიური გავლენა, მათზე, ვისაც ვალდებულებები ჰქონდა უცხოურ ვალუტაზე, თუმცა მეორეს მხრივ ეს სიტუაცია ექსპორტიორებისთვის სახარბიელო არაა. რომ შევაჯამოთ, რამდენიმე გამოწვევა გვქონდა – პანდემია, რუსეთ-უკრაინის ომი და ვიზიტორების ზრდა, რომელმაც წლევანდელ წელზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.
– თუმცა გარკვეული პრობლემები რჩება, რა მიმართულებითაა ეს პრობლემები და ხომ არ გაიზარდა, გამომდინარე იქიდან, რომ ბიზნესს შემოსავალი გაეზარდა და თავისთავად ბევრს იხდიან.
სახელმწიფოს მხრიდან რამე რეგულაციები ხომ არაა ისეთი, რომელიც ხელს უშლის უფრო სწრაფად აღდგენის პროცესს?
– ეს დროებითი მოვლენებია და არ აქვს მდგრადი ზრდის პოტენციალი. ჩვენთან არ შექმნილა ისეთი ბიზნესები, ახალი პროდუქტები, რომლების მომსახურებაც ექსპორტზე გაიყიდება. ამიტომ ამას ყველა შემთხვევაში ერთჯერადი ეფექტი ექნება და მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ მომავალ წელსაც ასე იქნება.
დიდი და სწრაფი ზრდისთვის უცხოური ინვესტიციები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის დამატებით შექმნის სამუშაო ადგილებს. ჩვენ ასევე გვჭირდება ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა და რაც ყველაზე მთავარია, ადამიანური კაპიტალის გადამზადება, სადაც დღეს რეალურად დიდი დეფიციტი გვაქვს.
– გასაგებია, რომ პანდემია იყო, მაგრამ ინვესტიციებით მანამდეც არ ვბრწყინავდით ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. მესმის, რომ გარკვეული მცირე ზრდა არის, მაგრამ სულ ვსაუბრობთ, რომ ჩვენ მეტი გვინდა და მეტი გვჭირდება.
პატარა და ღარიბი ქვეყანა ვართ, უფრო სწრაფად უნდა ვიზრდებოდეთ და სწრაფად უნდა იზრდებოდეს უცხოური ინვესტიციებიც.
ამ მიმართულებით იყო კონსერვატიული მიდგომა, იგივე სასოფლო სამეურნეო მიწების გაყიდვასთან დაკავშირებით. ამან შეანელა ინვესტიციების ზრდის ტემპი. თუმცა ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ პანდემიის შემდეგ აღდგენის პროცესი 2023 წლიდან აქტიურად დაიწყება.
თქვენ როგორი პროგნოზი გაქვთ?
– ცალკე პროგნოზირებას ჩვენ არ ვაკეთებთ. უბრალოდ ამ შემთხვევაში შემიძლია მხოლოდ ჩემი მოსაზრება გამოვთქვა.
ჩვენ თუ არ გვექნება ერთჯერადი ფაქტორები, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ გავიზარდოთ ორნიშნა ციფრებით, სულ უფრო დავშორდებით განვითარებულ ქვეყნებს.
დღეს ჩვენი რეგიონი ისეთია, რომ სერიოზული ინვესტიციების ჩადება საკმაოდ სარისკოა, თუ არ მოხდა ასეთი ტიპის ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, ენერგეტიკაში, თუ ისეთი მსხვილი პროექტები არ გაკეთდა, რომელსაც სახელმწიფოს მხარდაჭერა ექნება, ვფიქრობ, რომ ეს კერძო ინვესტორების მოზიდვა უფრო და უფრო რთული იქნება.
მე არ ვგულისხმობ ბიზნესებს, რომელიც შემოვა და სადმე ააშენებს ვთქვათ კორპუსებს. ეს კი ახდენს დადებით გავლენას ბაზარზე, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკაზე ფუნდამენტურ ზრდას არ იწვევს.
– აიდიეფაიმ გააკეთა ძალიან კარგი ანალიზი 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის და იქ ერთ-ერთი თემა, რასაც მე მივაქციე ყურადღება, არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ისევ ორიენტირებულია არაპროდუქტიული დარგების წახალისებაზე და არაპროდუქტიულ ხარჯებზე, როგორიცაა სოციალური დახმარებები და უფრო ნაკლები ყურადღება ექცევა პროდუქტიულ დარგებს.
პროდუქტიულ დარგებში თქვენ ინფრასტრუქტურა იგულისხმეთ და ასევე განათლება, რაც პირდაპირაა დაკავშირებული კადრების დეფიციტზე თუ ადამიანური კაპიტალის ზრდაზე.
ამ მხრივაც ბიზნესს პრობლემები აქვს.
– ამ თემებზე სამი წელია აქტიურად ვსაუბრობ. კადრებზე ხელმისაწვდომობა პანდემიის დაწყებიდან შეიცვალა. ადამიანებმა სახლში ყოფნის გამო შეცვალეს მუშაობის სტილი. ამიტომ კადრებზე ხელმისაწვდომობა ბიზნესებს ძალიან გაუჭირდათ.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიგრაციაა. იგივე ჩვენი კომპანიის მაგალითზე ვიტყვი, რომ ზოგიერთი წავიდა უცხოეთში სასწავლებლად და არიან ისეთებიც, რომელსაც აქვთ მეტ-ნაკლებად სტაბილური შემოსავალი და შესაბამისად ისინიც ფიქრობენ, საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაზე.
ვსაუბრობ მათზე, ვისთანაც შეხება მაქვს. მასშტაბები არ მაქვს დათვლილი, მაგრამ ვვარაუდობ, რომ სხვაგანაც ასეთი სიტუაცია იქნება.
განათლება არაა მოკლევადიანი. ხშირ შემთხვევაში კურსები და გადამზადება ფინანსდება და ა.შ. რომელსაც ვფიქრობ , რომ ქვეყანაში არავითარი დიდი ეფექტი არ მოაქვს.
განათლება ფუნდამენტური თემაა, რომელიც საბავშვო ბაღიდან უნდა დაიწყოს. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს პირველ რიგში ხარისხიანი, უფასო და ხელმისაწვდომი განათლება.
ამის ეფექტს ჩვენ მივიღებთ 7-8 წლის მერე. სხვანაირად შემდგომ წლებში ძალიან გაგვიჭირდება.
– რაც უფრო გვიან დავიწყებთ, უფრო გაგვიჭირდება…
– ინვესტიცია რომც შემოვიდეს, არავინ გადაწყვეტს ამის გაკეთებას ისე, რომ კადრებიც შემოიყვანოს. მან შეიძლება კაპიტალი დააბანდოს, მაგრამ ადამიანურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა უნდა ჰქონდეთ ადგილზე.
ამიტომ როცა ვსაუბრობთ, რომ ინვესტიციები გვინდა და აქ ერთ-ერთი ფუნდამენტური თემა სწორედ ადამიანური რესურსია.