საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემში მცხოვრები მოსახლეობა მასობრივ აქციებს აანონსებს. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ცხრა სოფლის მოსახლეობა საქონლის საძოვრებამდე მიყვანას ვეღარ ახერხებს. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ტერიტორია, სადაც წლების განმავლობაში 4000-მდე ოჯახს საქონელი საძოვრად გადაჰყავდა, ამჟამად უცხოური საინვესტიციო კომპანიის საკუთარებაშია.
მოქალაქეები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას დახმარებას სთხოვენ და ამბობენ, რომ თუ პრობლემა ვერ მოგვარდა, მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყება.
200 ჰექტრამდე მიწა კომპანია “არიკ ჯგუფს” ეკუთვნის. კომპანიაში ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე ვენახისა და ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავენ და თხრილებიც საკუთრების დაცვის მიზნით გაიყვანეს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში კი აცხადებენ, რომ ინვესტორთან კონსულტაციებს აწარმოებენ.