LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლების წარმომადგენელი რომ ვიყო, აუცილებლად გავივლიდი კონსულტაციებს სააკაშვილთან, “ქართულ ოცნებაში” პუტინთან ურთიერთობის გამოცდილება არავის აქვს, სამაგიეროდ ეს გამოცდილება აქვს სააკაშვილს: არჩილ გამზარდია

815
1643008522-archil-gamzardia-900x570

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელჩიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და დღევანდელი მთავრობის პოლიტიკურ სტრატეგიას რუსეთთან მიმართებაში განიხილავს.

“ხანდახან გამოცდილებებით უნდა ვგეგმოთ სამომავლო სტრატეგია. ძალიან საინტერესოა მიხეილ სააკაშვილის გამოცდილება პუტინთან ურთიერთობაში.

სხვათა შორის, მათ საყურადღებოდ, ვინც ე.წ. “კონსერვატორული” თუ “პატრიოტული” ძალების პროპაგანდას ჰყვებით, რომ რუსეთთან უბლოკო / ნეიტრალური სტატუსის პირობებში შესაძლებელი გახდება როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება და უსაფრთხოების დაცვა, წლების წინ, მიხეილ სააკაშვილს, პრეზიდენტის რანგში უკვე ჰქონდა ამის მცდელობა, როდესაც პუტინთან ცდილობდა შეთანხმებას, რომ უარს იტყოდა ნატოზეც და ევროკავშირზეც, თუ კი პუტინი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას დაიცავდა და ოკუპირებულ ტერიტორიებს დაუბრუნებდა საქართველოს, რასაც ჯერ უარი მოჰყვა პუტინისგან (სააკაშვილის თქმით, პუტინი თვლიდა, რომ ასლან აბაშიძის წაყვანით და მიშას ხელისუფლების აჭარაზე გავრცელებით, სააკაშვილი უნდა ყაბულს ყოფილიყო და პუტინის მადლიერი, მეტი არ უნდა მოეთხოვა პუტინისთვის), შემდგომ კი 2008 წლის ომი.

საერთოდ, ჩვენ რომ ვსწავლობდეთ, უახლოესი პოლიტიკური ისტორიის დეტალებს, საინტერესო და ბევრ სახელმძღვანელო ელემენტს ვნახავთ.

სააკაშვილმა, რაც გინდა ვინმეს არ მოსწონდეს ის, რუსეთთან და პუტინთან ურთიერთობის ალბათ ყველა ფაზა გაიარა და ყველა შესაძლებლობა სცადა, ის ცდილობდა პუტინისთვის კომპლიმენტების თქმასაც, დადებითი განწყობების შესაქმნელად – “მას პატიოსანი ადამიანის თვალები აქვს, სწორედ ასეა. მე ვენდე მას და არ შევმცდარვარ,” ამბობდა სააკაშვილი 2004 წელს “იზვესტიასთვის” მიცემულ ინტერვიუში პუტინის მისამართით.

სააკაშვილმა სცადა პუტინის მოთაფლვაც, ნატოზე უარის თქმაც, ნეიტრალიტეტის შეთავაზებაც, მკაცრი ტონიც, წინააღმდეგობაც, პუტინის წინააღმდეგ ევროპის კავშირთან და ნატოსთან მრავალი კონსულტაციაც, მაგრამ… ფაქტია, რომ ვერც ერთმა ხერხმა ვერ იმუშავა საკმარისად, ვერც პუტინის თავდასხმის არიდება შეძლო, ვერც ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაც და ა.შ.

მე არ ვიცი, დღევანდელ ხელისუფლებაში, ვინმემ გამოიკვლია თუ არა საკმარისად ფუნდამენტურად საქართველო-რუსეთის ბოლო წლების ურთიერთობები შევარდნაძე-პუტინის, სააკაშვილი-პუტინის ურთიერთობების კონტექსტშიც, მაგრამ ფაქტია, რომ ახლა ჩვენ ვართ დილემის წინაშე, თან გვაქვს მთელი ეს უზარმაზარი გამოცდილება წინა პრეზიდენტების, რომელზეც საკმარისად არ ვსაუბრობთ და არ ვაანალიზებთ და გვაქვს დღევანდელი მოცემულობა, სადაც ვხედავთ ომს უკრაინაში, ნატოსა და ევროპის კავშირის გაძლიერებულ, მაგრამ მაინც მოზომილ, არასაკმარის ძალისხმევას.

და ახლა ეს დილემა დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე, როგორი უნდა იყოს ჩვენი ძალისხმევა, ორიენტირება, პოზიციონირება, რიტორიკა და გადაწყვეტილებები.

სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ხელისუფლების სახით ძალიან პატარა ადამიანები, თორემ დღეს რომ მე ხელისუფლების წარმომადგენელი ვიყო, აუცილებლად ინტენსიურად გავივლიდი კონსულტაციებს სააკაშვილთან, მისი მცდარი და სწორი გამოცდილების გასათვალისწინებლად, “ქართულ ოცნებაში” პუტინთან პირადი ურთიერთობა თითქმის არავის აქვს, სამაგიეროდ ეს გამოცდილება აქვს სააკაშვილს.

როდესაც სახელმწიფოს აქვს საშიში დღეები, ადამიანები თავისი პატარა კაცობიდან გამოდიან და გადამტერებულ ოპონენტსაც ესაუბრებიან სახელმწიფოს მომავალზე, მეტიც, რთავენ ამ პროცესში თუნდაც მრჩევლობის კუთხით, სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი პოლიტიკური სპექტრი არ გვაქვს, თორემ ეს მეტ შესაძლებლობას მისცემდა ჩვენს ქვეყანას, დაეცვა მშვიდობა მეტი უსაფრთხოების მიღწევის გზით.

იქნებ, გეყოთ ხელისუფლებაში ვინმეს გონიერება და გამოძვრეთ პატარა კაცის სინდრომიდან, ესაუბრეთ იმასაც, ვინც ძალიან გძულთ, მაგრამ შესაძლოა მასთან საუბრიდან უფრო საჭირო დასკვნები გამოიტანოთ, არა იმიტომ რომ ის მართალია, ამას არ აქვს მნიშვნელობა, არამედ იმიტომ რომ სააკაშვილმა ძალიან ბევრი ხერხი გამოიყენა პუტინთან ურთიერთობაში, თუნდაც უშედეგოდ, თუმცა, ესეც გამოცდილებაა”,-წერს გამზარდია ფეისბუქში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g