პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის ვიცე სპიკერს, არჩილ თალაკვაძეს მიმართა კითხვით: როდის შეუსრულებს დანაპირებს დაკავებული ზაზა გახელაძის დედას და როდის დაუბრუნებს შვილს.
როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, არჩევნების პერიოდში თალაკვაძე ოჯახს დაპირდა, რომ გახელაძის გასათავისუფლებლად ყველაფერს იზამდა და ახლა აინტერესებს რას პირობის შესასრულებლად რას აკეთებს:
“მინდა შეგახსენოთ, როცა ვსაუბრობთ რუსეთთან და ოკუპაციასთან დაკავშირებით. ზაზა გახელაძე ასეთ მძიმე მდგომარეობაში რომ არის, არჩილ თალაკვაძე დაპირებია ოჯახს, რომ დაგიბრუნებთ, ოღონდ წინასაარჩევნოდ ამაზე ხმა არ ამოიღოთო. არ ვიცი, ბატონო არჩილ, იქნებ გქონდეთ პასუხი, დედას შვილის დაბრუნებას რომ დაპირდით, როდის დაუბრუნებთ?
როდესაც არჩევნები იყო, ხომ ჩაბრძანდით და დაპირდით, რომ ხმის ამოღების სანაცვლოდ გაათავისუფლებდით და ყველაფერს იზამდით, ან რას აკეთებთ, ეს მაინც უთხარით მშობლებს.” -იკითხა ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.
მიმდინარე წლის 5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დღეს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების სამსახური, ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად 23 ივნისს გასამართ აქციას გამოეხმაურა და განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ “არ არის გამორიცხული მომიტინგეებმა “საზღვარი” უკანონოდ გადაკვეთონ, ამიტომ “საზღვარზე” დამყარებული ადმინისტრაციული და სამართლებრივი რეჟიმების დარღვევის მცდელობები მოქმედი “კანონმდებლობის” ფარგლებში ჩაიშლება”.