28 აპრილს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ კომპოზიტორი მარიკო კვალიაშვილი და კონცერტმაისტერი ლევან ჩხაიძე სტუმრობდნენ, რომლებმაც მერიკო კვალიაშვილის საავტორო კონცერტზე, შემოქმედებაზე და პროგრამაზე ისაუბრეს. გადაცემაში სიმღერის „ჩემი გული შენია“ რადიო პრემიერა შედგა.
ქალბატონო მარიკო, ვისაუბროთ თქვენს საავტორო კონცერტზე, რომელიც 8 მაისს „თბილისის საკონცერტო დარბაზში“ გაიმართება.
მარიკო კვალიაშვილი: დილიდან დაღამებამდე ვმუშაობთ, საღამოს ყველა დეტალს ვითვალისწინებთ. ეს კონცერტი უნდა სჯობდეს იმ კონცერტს, რომელიც 19 წელს გვქონდა და რომელიც ასევე საინტერესო იყო. იმ კონცერტზე ნაკლებს არც ახლა გავაკეთებდით და უფრო მეტი რომ გაგვეკეთებინა, ამიტომ დიდი ძალისხმევა იყო საჭირო. 120 შემსრულებელია სცენაზე და არის 2, საკმაოდ დიდი განყოფილება, ფაქტობრივად, 2 კონცერტს ვატარებთ. რაც საინტერესოა, შემსრულებლებს შორის ისეთ ადამიანებს იხილავთ, რომელთაც საერთოდ არ ელით.
ლევან ჩხაიძე: იქნება უპრეცედენტო სანახაობა. ყველაფერს არ და ვერ ვამბობთ. აბსოლუტურად გადახალისებულია შემადგენლობა, სულ სხვა ადამიანები დგანან სცენაზე, ექიმები, ტელეწამყვანები, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები. საღამოზე ქალბატონი მარიკოს სიმღერებს 3 კომპოზიტორიც შეასრულებს. მასშტაბი ძალიან გრანდიოზულია, როგორც ფიზიკური შემადგენლობით, ადამიანური რესურსით, ისე ტექნიკური რესურსითაც. ჩათვალეთ, რომ ორი დამოუკიდებელი კონცერტია. პირველი განყოფილება ერთმანეთისგან განსხვავებულ რამდენიმე სურათს მოიცავს. მაყურებლის თვალწინ ისე იცვლება მოქმედება, მისი ვიზუალური მხარით და დეკორაციით, რომ ფარდა არც კი იხურება, მოქმედება არ ჩერდება. ბევრი ტექნიკური, ვიზუალური და სხვადასხვა სიახლე გვაქვს. გვჯერა, რომ ამ გამოწვევას წარმატებულად დავასრულებთ. მაყურებელს ნამდვილად დიდი სანახაობა ელის.
როგორც ვიცი, კონცერტზე 20 ახალი სიმღერა შესრულდება. როგორ შეირჩა მუსიკალური პროგრამა?
მარიკო კვალიაშვილი: შერჩევა არც თუ ისე ძნელი იყო, რადგან ჩემი სიმღერების ნაწილი გაუჟღერებელი იყო. ჩემივე სკივრი გავხსენი და იქიდან ბევრი ახალი სიმღერა ამოვიდა. გარდა ამისა, პანდემიის პერიოდშიც დაიწერა ახალი სიმღერები და გადავწყვიტეთ, რომ ამ ყველაფრისთვის თავი მოგვეყარა.
აღნიშნული სიმღერების სტუდიური ვერსიები თუ ჩაიწერება?
ლევან ჩხაიძე: რა თქმა უნდა, ეს თავიდანვე გათვალისწინებულია. ორივე განყოფილების სრული აუდიო ჩანაწერი მზადდება იმისთვის, რომ შემდეგ ეს, როგორც ცოცხალი საკონცერტო შესრულების ალბომი, გამოიცეს.
ვინ არის კონცერტის პროგრამის იდეის ავტორი?
ლევან ჩხაიძე: ქალბატონ მარიკოს იდეა თუ აქვს, მას აბსოლუტურად ჩამოყალიბებულს, დეტალებში ჩაშლილს, გააზრებულს, მოფიქრებულს, დაწერილს გვახვედრებს. იდეიდან დაწყებული სცენარით დამთავრებული, ყველაფერი მზად აქვს. შემდეგ, ჩვენი გუნდი უბრალოდ ამ ყველაფრის რეალობაში განხორციელებას ცდილობს. ჩვენს ჯგუფში არიან, რეჟისორი ვანო ხუციშვილი, მხატვარი ვანო ჭელიძე თავის არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად, პროექტის მენეჯერი ნატო ფირცხალავა. მეც ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლავართ. კონცერტზე იქნება ბენდის თანხლებაც, საორკესტრო თანხლებაც, იქნება ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრი, მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით.
მარიკო კვალიაშვილი: საღამოს ნიკა წულუკიძე წარუძღვება.
ლიზა ბაგრატიონი & დათო ჭკუასელი – ჩემი გული შენია
გადაცემის აუდიოჩანაწერი
მარიკო კვალიაშვილი და ლევან ჩხაიძე. ვიდეო კოლაჟი