„ცა და დედამიწასავით განსხვავება, რა ზეწოლა იყო ბიზნესზე მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს და რა ხდება დღეს“, – განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და საქართველოს ყოფილმა ელჩმა გაეროში, ირაკლი ალასანიამ „რადიო თავისუფლების“ პოდკასტში „2150“.
ირაკლი ალასანიას თქმით, ისეთ სისასტიკეს, რაც იყო წინა ხელისუფლების დროს იყო, ახლა ბიზნესწრეებში ვერ ხედავს.
„ჩვენ ვართ ევროპული ფონდი, რომელიც კერძო პირებისგან ვყიდულობთ საკუთრებას. ჩვენ არაფერი გვინდა სახელმწიფოსგან გარდა იმისა, რომ სამართლიანი ბიზნესგარემო იყოს. ყველაფერი, რაც შევისყიდეთ კერძოა და მთავრობასთან არანაირი შეხება არ გვქონია და აქამდე არანაირი შეფერხებაც არ გვქონია. მე აქამდე არანაირი წინაღობა არ შემხვედრია.
ჩემთვის წინა ხელისუფლების, სააკაშვილის პერიოდში რაიმე ბიზნესაქტივობების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა, მე ახლა არანაირი წინაღობა არ შემხვედრია. მე დღევანდელი სიტუაციის მექომაგე არა ვარ, რადგან პოლიტიკურად იმდენად კრიზისშია შესული ქვეყანა, ეს მალე სოციალურ სფეროზეც აისახება, მაგრამ ისეთი სისასტიკე, რაც იყო წინა ხელისუფლების დროს მე ახლა ბიზნესწრეებში ვერ ვხედავ. ცა და დედამიწასავით განსხვავება, რა ზეწოლა იყო ბიზნესზე მაშინ და რა ხდება დღეს“, – თქვა ირაკლი ალასანიამ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.