„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი, კახა კალაძე ჟურნალისტებთან გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილსა და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებს, რომლებიც თანამდებობებიდან წავიდნენ, მმართველი პარტია სპეციალურად შექმნილი ოპოზიციური პარტიის რიგებში განიხილავს.
კახა კალაძემ აღნიშნულ ინფორმაციას არასწორი უწოდა და თქვა: „ეს თქვენი სიზმრებია“.
შეკითხვაზე: „სად იმყოფება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი და რატომ არ ჩანს მმართველი პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად, თუნდაც სადღესასწაულო წირვაზე“, კახა კალაძემ განაცხადა:
„ირაკლი ღარიბაშვილი თბილისშია, შეგიძლია მიბრძანდეთ „ქართული ოცნების“ ოფისში“.
ამასთან, ჟურნალისტების შეკითხვაზე, ხომ არ იგეგმება თანამდებობებიდან წასული სხვა ლიდერების სხვა უწყებებში დანიშვნა, კახა კალაძემ თქვა:
„არ ვიცი, ვერ გეტყვით. თუკი რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს როგორც თქვენთვის, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება“, – განაცხადა კალაძემ.