„4 ოქტომბერი არჩევნების, აქციისა და ყველაფრის ჩათვლით, ძალიან მშვიდად ჩაივლის, მთავარია კანონის დარღვევაზე არავინ იფიქროს – თუ ვინმეს მაინც დაუცდება ხელი, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას. ჩემი მოკრძალებული რჩევაა, რომ ხელი არ წაუცდეთ“, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან კობახიძემ, 4 ოქტომბერს ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას გააკეთა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „საბოლოოდ, მთელი ეს რადიკალური ოპოზიცია არის ერთი ძალა, რომელსაც ჩვენ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ვუწოდებთ“
„საბოლოოდ, მთელი ეს რადიკალური ოპოზიცია არის ერთი ძალა, რომელსაც ჩვენ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ვუწოდებთ. სინამდვილეში, მათ შორის არავითარი განსხვავება არ არის, არის მხოლოდ ტაქტიკური სხვაობები. არჩევნებთან დაკავშირებით, არის ორი პარტია, რომელიც მონაწილეობს არჩევნებში, არის ორი პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას ღალატად აცხადებს. მათ თავიანთი სუბიექტური ინტერესებიც აქვთ, ბუნებრივია. ერთ-ერთი მიზანი, რატომაც დაანონსდა „ნაცმოძრაობისა“ და მისი მეორე განშტოების მიერ 4 ოქტომბრის აქცია, არის ის, რომ მათ სურთ, რაც შეიძლება ნაკლები ხმა მიიღოს „ლელომ“ და გახარიამ. არის სუბიექტური ინტერესები, მაგრამ საბოლოოდ, ყველას ჰყავს ერთი პატრონი. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ როგორი განსხვავებებიც არ უნდა ჰქონდეთ მათ – ტაქტიკური თუ სუბიექტური, საბოლოოდ, მათი პატრონი ერთად ყრის ხოლმე ამ პარტიებს. ბუნებრივია, ასე მოხდება 4 ოქტომბერსაც, თუმცა არანაირი ფორმით, მათ წარმატების არავითარი შანსი არ აქვთ. ბუნებრივია, საქართველოში არის დემოკრატია. ყველას შეუძლია შეიკრიბოს, თუმცა ყველას შეუძლია შეიკრიბოს კანონის ფარგლებში. თუ ვინმეს თავში აზრად მოუვა კანონის დარღვევა, ყველა, რა თქმა უნდა, საკადრის პასუხს მიიღებს.
4 ოქტომბერი მთლიანად, არჩევნების, აქციისა და ყველაფრის ჩათვლით, ჩაივლის ძალიან მშვიდად. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ მთავარია კანონის დარღვევაზე არავინ იფიქროს. თუ ვინმეს მაინც დაუცდება ხელი, ნახავენ მათ შორის, ახალი სისტემის, ახალი ხელმძღვანელობის ნამდვილ ძალას. არავის არ ვურჩევ ამას. რეალურად, თუ ვინმეს წაუცდება ხელი კანონის დარღვევაზე, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას. ჩემი მოკრძალებული რჩევაა, რომ ხელი არ წაუცდეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძე „იმედის კვირის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, საპროტესტო აქციებს საქართველოს უნივერსიტეტი და თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი აფინანსებენ:
„რეალურად, ეს ყველაფერი დაფინანსებულია უცხოური სპეცსამსახურების მიერ, როგორც ეს მოხდა „მაიდნის“ შემთხვევაში. იცით, სპეცსამსახურები აფინანსებდნენ „მაიდანს“ და მერე რით გაგრძელდა ეს ყველაფერი უკრაინისთვის. დღეს უკრაინის სახელმწიფო არის ჩამოქცეული და ორი ომი გადაიტანა, სწორედ სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული რევოლუციის შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სცენარის განხორციელებას ვერ დავუშვებთ. საქართველოში ამ სცენარის განხორციელების არავითარი რესურსი არ არსებობს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვამხილოთ ყველა ასეთი დაფინანსების ფაქტი, ყველა ასეთი გარე ჩარევის ფაქტი. ბუნებრივია, უცხოური აგენტურის მიერ რევოლუცია ვერ მოხდება საქართველოში. ამას ჩვენ არ დავუშვებთ, ამისათვის ყველანაირი რესურსი გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.