LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველთან გამოვხატე გულწრფელი იმედგაცრუება 2020-23 წლების ორი რევოლუციური მცდელობის გამო, რომელიც აშშ-ის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით და გარედან დაფინანსებული NGO-ების მეშვეობით განხორციელდა“

179
ირაკლი კობახიძე

„ვესაუბრე დერეკ შოლეს და გამოვხატე ჩემი გულწრფელი იმედგაცრუება 2020-2023 წლების ორი რევოლუციური მცდელობის გამო, რომელიც აშშ-ის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით და გარედან დაფინანსებული „ენჯეოების“ მეშვეობით განხორციელდა“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

ირაკლი კობახიძის თქმით, მაშინდელი მცდელობები წარმატებული რომ ყოფილიყო, დღეს საქართველოში მეორე ფრონტი იქნებოდა გახსნილი:

„გარდა ამისა, ბატონ შოლეს განვუმარტე, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ცრუ განცხადებები გამჭვირვალობის შესახებ კანონთან და აქციებთან დაკავშირებით გვახსენებს ამერიკის ყოფილი ელჩის 2020-2023 წლების მსგავს ცრუ განცხადებებს, რომლებიც მაშინაც უცხოური დაფინანსებით მოქმედი სუბიექტების მხრიდან ძალადობის წახალისებას და რევოლუციური პროცესების მხარდაჭერას ემსახურებოდა.

ასევე, ბატონ შოლეს განვუმარტე, რომ ამ ფონზე ურთიერთობების გადატვირთვა განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს, რაც სამართლიანი და კეთილსინდისიერი მიდგომის გარეშე შეუძლებელია. ბატონ შოლესთან არ გამომიხატავს შეშფოთება ნიუ-იორკში სტუდენტების პროტესტის ბრუტალური დარბევის გამო“, – წერს ირაკლი კობახიძე.

ცნობისათვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველმა დერეკ შოლემ, 2 მაისს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა.

magti 5g