LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „ჩვენი მიზანია, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ… მოსახლეობას აწუხებს ასევე მაღალი ფასები მედიკამენტებსა და საწვავზე, გადავწყვიტეთ, კომისიის საქმიანობის ფარგლებში ეს თემები მოვიცვათ“

136
ირაკლი კობახიძე

„ჩვენი მიზანია, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, აქეთკენ ვართ მიმართული“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ფასების შემცირების თაობაზე ოპოზიციის საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი.

„არ სურთ მოსახლეობისთვის სოციალური ფონის გაუმჯობესება, რათა მღვრიე წყალში თავად შეძლონ თევზის დაჭერა, თუმცა ჩვენ გვაქვს ერთადერთი მიზანი. ჩვენი მიზანია, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, აქეთკენ ვართ მიმართული. რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

მისივე სიტყვებით, „მოსახლეობის ფართო ფენას, ბუნებრივია, აწუხებს ასევე მაღალი ფასები მედიკამენტებზე“.

ირაკლი კობახიძის თქმით, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია იმუშავებს როგორც მედიკამენტების, ისე საწვავის მიმართულებითაც.

„მოსახლეობის ფართო ფენას, ბუნებრივია, აწუხებს ასევე მაღალი ფასები მედიკამენტებზე და საკითხის სპეციფიკა არის ძალიან მსგავსი. აქაც არის იმპორტი, დისტრიბუცია, შემდეგ არის სააფთიაქო ქსელები. გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსია თავისი არსით საკითხები, იგივე ეხება საწვავსაც, გადავწყვიტეთ ყველა ეს საკითხი გაგვეერთიანებინა.

საბოლოო ჯამში, ეს არის, მთლიანობაში, ერთგვარი პირველადი მოხმარების პროდუქცია, რასაც მოიხმარს ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, პრაქტიკულად, თითქმის ყველა მოქალაქე, სამივე საკითხს თუ შევეხებით. საკითხის აქტუალობიდან და დაკავშირებადობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ კომისიის საქმიანობის ფარგლებში მოვიცვათ სამივე თემა“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

როგორც კობახიძემ „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა, გრძელვადიანი შედეგის მისაღწევად უნდათ, სიღრმისეულად გამოიკვლიონ ფასნამატის მიზეზები და ამის საფუძველზე გრძელვადიანი გადაწყვეტა მოუძებნონ იმ პრობლემას, რასაც ჰქვია მაღალი ფასები.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ განცხადება შეიძლება უკვე გახდა საფუძველი, რომ ფასებმა გარკვეულ პროდუქტებზე დაიკლო, თუმცა ეს ვერ იქნება გრძელვადიანი.

„ეს პრობლემა არ არის ახალი, მინდა, ამასაც გავუსვა ხაზი. 2006 წლამდე ვცხოვრობდი გერმანიაში და მახსოვს, როდესაც დავბრუნდი საქართველოში, იმავე პროდუქტებს საქართველოში აღარ ვყიდულობდი, რასაც მანამდე გერმანიაში. აქაც, მიზეზი იყო ის, რომ დაახლოებით ორმაგი იყო ფასები ზუსტად იდენტურ პროდუქტებზე. დიდი ხანია, წლებია, რაც ქვეყანას მოჰყვება ეს პრობლემა, ფასები არის უფრო მაღალი ევროპულ ქვეყნებთან შედარებით. შესაბამისად, ესეც აჩვენებს, რომ საკმაოდ სერიოზული მუშაობა სჭირდება ამ პრობლემის გადაჭრას, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g