ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის მიერ ნდობის გამოცხადება, გვაკისრებს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, პირნათლად შევასრულოთ ჩვენი პროგრამა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, მთავრობა ახალი შემადგენლობით დღეს პირველად შეიკრიბა.
ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებს ქართველი ხალხისა და საქართველოს პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადება მიულოცა და ყურადღება დაუთმო ქართველი ხალხის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების, დასახული ამბიციური გეგმების წარმატებით განხორციელების მნიშვნელობას.
„დღეს, როგორც მოგეხსენებათ, იმართება პირველი სხდომა, ახალი შემადგენლობით. პირველ რიგში, მინდა, ყველას მოგილოცოთ ქართველი ხალხისა და საქართველოს პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადება, რაც გვაკისრებს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა, ჩვენი პროგრამა, რომელიც წარდგენილ იქნა პარლამენტისა და ქართული საზოგადოების წინაშე და ჩვენი ვალია, ჩვენი გეგმა, ჩვენი პროგრამა პირნათლად შევასრულოთ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში.
ეს გეგმა არის ძალიან ამბიციური – ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გვაქვს ძალიან ამბიციური ამოცანები, ჩვენი მიზანია, ოთხ წელიწადში 130 მლრდ ლარამდე გავზარდოთ ქვეყნის ეკონომიკა. ტენდენციები არის ძალიან კარგი, გამოქვეყნდა რამდენიმე დღის წინ ეკონომიკური ზრდის მონაცემები საქსტატის მიერ და ოქტომბერში, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო საარჩევნო თვე და როგორც მოგეხსენებათ, არჩევნებთან დაკავშირებულია ხოლმე გარკვეული შიშები, ამის მიუხედავად, ოქტომბერში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 11 %, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის საშუალო წლიური მაჩვენებელი დაუბრუნდა ორნიშნა ნიშნულს, ჩვენ გვაქვს ზუსტად 10 %-იანი ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წლის პირველი ათი თვის მონაცემებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკა სწრაფად ვითარდება, ვინარჩუნებთ არსებულ ტემპსა და ტენდენციას და ამის შენარჩუნება ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. სწორედ, ამ ტემპით ჩვენ შევძლებთ, მივაღწიოთ დასახულ მიზანს და 130 მლრდ ლარამდე, მინიმუმ, გავზარდოთ ქვეყნის ეკონომიკა შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში.
შესაბამისად, რა თქმა უნდა, გაიზრდება ქვეყნის ბიუჯეტიც. შარშანდელი ბიუჯეტი თუ იყო 28 მლრდ ლარი, ოთხ წელიწადში ჩვენი ბიუჯეტი იქნება 40 მლრდ ლარზე მეტი და ეს ყველაფერი მოგვცემს ბევრად უფრო მეტი პროექტის განხორციელების საშუალებას, მოსახლეობაზე ზრუნვის საშუალებას, ესეც არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი“, – განაცხადა პრემიერმა.