ხელისუფლების და ბიზნესის თანამშრომლობას, ბიზნესის განვითარებას ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული, საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ქვეყნის ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივები განიხილეს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ზედიზედ მეოთხე წელია, რაც საქართველოს სწრაფი ეკონომიკური წინსვლა აქვს.
„მოგეხსენებათ, 2021 და 2022 წლებში ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა. შარშან ჩვენი ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა. წელსაც გვაქვს დადებითი პროგნოზი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ასევე იცით, რომ მიზნობრივ მაჩვენებელს ქვემოთ ვინარჩუნებთ საგარეო ვალის დონეს, ასევე ინფლაციის დონეს, 5%-ს ჩამოსცდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. მხოლოდ შარშან დასაქმებულთა რაოდენობა 51 000-ით გაიზარდა, შესაბამისად, დასაქმების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. დადებითი დინამიკა გვაქვს ტურიზმის სფეროშიც, სადაც პანდემიამდელ მაჩვენებელს გადავაჭარბეთ შემოსავლების ნაწილში 26%-ით. დღე საქართველო მსოფლიოს 45 ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით სარგებლობს, ეს არის მსოფლიოს სამომხმარებლო ბაზრის ერთი მესამედი და მრავალი ქვეყნის რეიტინგის გაუარესების ფონზე სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს ვინარჩუნებთ. ეს და სხვა მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ქვეყანას აქვს ეფექტიანი, ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, ეფექტიანი ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას და ბიზნესის წინსვლას“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი ბიზნესის თავისუფლებაა.
„ყველას გვახსოვს, რა ვითარება იყო ამ თვალსაზრისით 2012 წლამდე, წინა ხელისუფლების პირობებში. ბიზნესზე ზეწოლა იყო წინა ხელისუფლების სისტემური დანაშაულის ერთ-ერთი უმთავრესი გამოვლინება. 2012 წლის შემდეგ ბიზნესის მიმართ ეს დამოკიდებულება, მიდგომა ფუნდამენტურად შეიცვალა. ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ დღეს ბიზნესი არა მხოლოდ თავისუფალია, არამედ სარგებლობს ფართო მხარდაჭერით ხელისუფლების მხრიდან და ასეც უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა პრემიერმა.