„გვინდა, რომ უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნოს და ამ ანალიზის განხორციელებაში გვჭირდება ბიზნესის დახმარება, მხარდაჭერა და დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს ანალიზი მომზადდება სწორედ ხელისუფლებისა და ბიზნესის ერთობლივი ჩართულობით“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების მიზანია, შრომის ბაზარზე მორგებით გადანაწილდეს კვოტები – სპეციალობებისა და უნივერსიტეტების მიხედვით.
„საინტერესო შეხვედრა გვქონდა საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან. გავაცანით ასოციაციის წარმომადგენლებს და ბიზნესმენებს კონცეფციის შინაარსი, დეტალურად განვიხილეთ 7-ვე პუნქტი, რომელსაც ეს კონცეფცია მოიცავს. ასევე, გვქონდა საუბარი კონკრეტულ საკითხზე, რომელიც შრომის ბაზრის ანალიზია. ჩვენ გვინდა, რომ უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნოს და ამ ანალიზის განხორციელებაში გვჭირდება, ბუნებრივია, ბიზნესის დახმარება და მხარდაჭერა და დღეს, ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს ანალიზი მომზადდება სწორედ ხელისუფლებისა და ბიზნესის ერთობლივი ჩართულობითა და თანამონაწილეობით.
ბუნებრივია, უმაღლესი განათლების რეფორმას აქვს საგანგებო მნიშვნელობა ბიზნესისთვის, როგორც მოგეხსენებათ, არსებითად ქვეყანაში არის 2 დამსაქმებელი – საჯარო და კერძო სექტორი, აქედან გამომდინარე განათლების რეფორმის განხორციელებაში კერძო სექტორის ჩართულობა არის მნიშვნელოვანი.
ბევრი მიმართულებით არის დეფიციტი, არის დისციპლინები, სადაც სტუდენტები ჭარბად მიიღება და არის დისციპლინები, სადაც არის სერიოზული დეფიციტი, ანუ შრომის ბაზარზე არის საკმაოდ მაღალი მოთხოვნა და არის მაღალშემოსავლიანი პროფესიები, თუმცა სამწუხაროდ სტუდენტები ნაკლებად ირჩევენ ასეთ სპეციალობებს.
ჩვენ გვინდა, რომ სწორად დავაბალანსოთ ეს საკითხი და მაქსიმალურად შრომის ბაზარზე მორგებით გადავანაწილოთ კვოტები დისციპლინებისა და უნივერსიტეტების მიხედვით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
 
				 
															
 
															 
 
 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 