საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ხუთ მუნიციპალიტეტში, სადაც რამდენიმე სოფელთან კომუნიკაცია დროებით შეწყვეტილია.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმერეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები და ვითარება ყოველსაათობრივად უმჯობესდება.
„მოვისმინეთ ინფორმაცია იმერეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, შტაბი არის მობილიზებული. ხუთი მუნიციპალიტეტი არის, სადაც შედარებით რთული ვითარებაა. რამდენიმე ჩაკეტილი სოფელია, სადაც ვერ ხერხდება კომუნიკაცია. რა თქმა უნდა, ზოგადად, სოფლების რაოდენობა საკმაოდ ბევრია, სადაც შეზღუდულია კომუნიკაცია, თუმცა, მაქსიმალურად სხვადასხვა ფორმით ცდილობს სოფლებში შესვლას ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე სამაშველო სამსახური.
ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემაც არის, თუმცა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს სამუშაოები და უკვე ამ დღეების განმავლობაში ბევრი აბონენტისთვის არის აღდგენილი ელექტროენერგიის მიწოდება.
რთული მდგომარეობა არის ჯერ კიდევ ბევრ ადგილმდებარეობაზე, თუმცა ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები და ყოველსაათობრივად ვითარება უმჯობესდება. მთავარია, რომ სრულად მობილიზებული იყოს შტაბი შემდეგი დღეების განმავლობაშიც. ვფიქრობთ, რომ ორ-სამ დღეში, უკვე არსებითად, პრობლემის დარეგულირება გახდება შესაძლებელი“, – განაცხადა კობახიძემ.