პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჯგუფ „მგზავრების“ მიერ, თბილისის მერიის ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი შეგვახსენებს, „რამდენად მძიმე გამოხატულება აქვს ლიბერალურ ფაშიზმს საქართველოსა“ და მსოფლიოში.
ირაკლი კობახიძის თქმით, „ლიბერალური ფაშიზმი“ „გლობალური ომის პარტიის“ მიერაა კოორდინირებული.
კახა კალაძე ჯგუფი „მგზავრების“ შესახებ: „ეს იყო ძალიან ცუდი გადაწყვეტილება, რადგან სადაც არ უნდა იყო, ღირსება არ უნდა დაკარგო“
„ყოველ კვირას რუსეთში რომ დადიხარ და „რუბლებს“ იღებ, რა ევროპაზე და ევროპულ მომავალზე გველაპარაკები? მათ ერთი სიტყვა არ უხსენებიათ ოკუპაციასთან დაკავშირებით. ეს რომ ახსენონ, რუსეთში აღარ შეუშვებენ“.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ორი თვის წინ მოუსმინა სლოვაკეთის პრემიერის, რობერტ ფიცოს 10-წუთიან ვიდეო მიმართვას, მას შემდეგ, რაც თავდასხმის შემდეგ ის კლინიკიდან გამოვიდა.
„ეს 10-წუთიანი ვიდეო-მიმართვა რეალურად ზუსტად ასახავს იმ რეალობას, რაც არის საქართველოში. ეს რას აჩვენებს იცით, რომ ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება ზუსტად იდენტურია საქართველოსა და სლოვაკეთში, რაც იმას ნიშნავს, თავის მხრივ, რომ ეს ახალი მიმდინარეობა და იდეოლოგია არის კოორდინირებული გლობალურ დონეზე იმ ძალების მიერ, რომლებსაც ჩვენ ვუწოდებთ „გლობალურ ომის პარტიას“. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ, რა თქმა უნდა, ლიბერალურ ფაშიზმს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, „ლიბერალურ ფაშისტური თავდასხმა“ არ ამართლებს „მგზავრების“ გადაწყვეტილებას. პრემიერის სიტყვებით, „როგორც კი არაკონსტიტუციურად გამოცხადდებიან ლიბერალური ფაშისტური პოლიტიკური ძალები, მაშინვე დასრულდება ლიბერალური ფაშიზმი ჩვენ ქვეყანაში“.