„დიპ სტეიტის“ პროპაგანდის მძლავრი ხაზი მუშაობს მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ წლების მანძილზე გვესმის ბრალდებები ბიძინა ივანიშვილის პრორუსობისა და რუსული კავშირების შესახებ, დღემდე ამის დამადასტურებელი იოტისოდენა ფაქტიც კი არავის წარმოუდგენია საზოგადოებისთვის,- ვკითხულობთ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში.
ირაკლი კობახიძე: „ჩვენი ხელისუფლებისთვის პრორუსულის იარლიყის მიწებებას ერთადერთი მიზეზი აქვს – ჩვენ არ ვმოქმედებთ გარე დავალებებით, ხელისუფლების ყველა შტო გავწმინდეთ აგენტურისგან, ვიცავთ სუვერენიტეტს, არ დავუშვით ლგბტ პროპაგანდა და არ ჩავერთეთ ომში“
ამის შესახებ პრემიერ, ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.
პრემიერის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს გებელსისეულ პროპაგანდისტულ მეთოდების სახე აქვს, როდესაც ჯერ ქმნი მტრის ხატს და შემდეგ ოპონენტს მასთან კავშირს აბრალებ.
„საქმე გვაქვს გებელსისეულ პროპაგანდისტულ მეთოდებთან, როდესაც ჯერ ქმნი მტრის ხატს და შემდეგ ოპონენტს მასთან კავშირს აბრალებ. ამგვარ პროპაგანდას არ ჭირდება არავითარი ფაქტები. მთავარია, პროპაგანდა იყოს ტოტალური და გზავნილი რაც შეიძლება მეტმა აგენტმა გაიმეოროს“,- წერს პრემიერი.
წერილის ბოლოს პრემიერი მადლობას უხდის ტულსი გაბარდს „დიპ სტეიტის“ მხილებისთვის.
„მადლობა უნდა გადავუხადოთ ქალბატონ ტულსი გაბარდს „დიპ სტეიტის“ მხილებისთვის. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მეთოდებს იყენებს ოლიგარქების არაფორმალური მმართველობა პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის, რადგან სიმართლით აღჭურვილი საზოგადოება სახელმწიფოს სიმტკიცის უმთავრესი გარანტია“,- ვკითხულობთ პრემიერის განცხადებაში“,- ვკითხულობთ პრემიერის წერილში.