მზია ამაღლობელი არის უცხოეთიდან დაფინანსებული პირი, მისი ორგანიზაციები ფინანსდება უცხოეთიდან და არცერთი მისი დონორი პასუხისმგებლობას არ იღებს ძალადობაზე, რომელიც ამ ქალბატონმა განახორციელა პოლიციელის წინააღმდეგ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელზე, მზია ამაღლობელზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მზია ამაღლობელის პატიმრობაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმ ადამიანებმა, ვინც „კვირების და თვეების განმავლობაში საქართველოში ძალადობას ახალისებდნენ“.
კობახიძის თქმით, აღნიშნულ ჯგუფში არიან როგორც კონკრეტული ჩინოვნიკები, ისე დიპლომატები, რომლებიც ძალადობის პროვოცირებას ახდენდნენ.
„იცით, რომ კამარების წინ იქნა ჩადენილი კონკრეტული დანაშაული, როდესაც კონკრეტულმა ადამიანმა ხელი დაარტყა პოლიციელს, პოლიციის ხელმძღვანელს კონკრეტულ რეგიონში. ეს სამართალდარღვევა არ იყო დაკავშირებული ჟურნალისტურ საქმიანობასთან, შესაბამისად, ამ ყველაფრის მედიასთან დაკავშირება, არის ცარიელი სპეკულაცია.
ერთი რამ მინდა ვუთხრა ყველას: როდესაც რაღაცების წაქეზებაზეა საუბარი, ყველა ის ადამიანი, რომელიც მშვიდობიანს უწოდებდა არამშვიდობიან პროტესტს, არის იმ დანაშაულის წამქეზებელი, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ; ყველა, ვინც თბილისის ქუჩებში ძალადობას აქეზებდა, ასეთი სამართალდარღვევების წამქეზებელია. შესაბამისად, მზია ამაღლობელის პატიმრობაზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ იმ ადამიანებმა, რომლებიც კვირების და თვეების განმავლობაში საქართველოში ძალადობას ახალისებდნენ, მათ შორის არიან, კონკრეტული ჩინოვნიკები, დიპლომატები, რადიკალური ოპოზიციაზე და სხვებზე აღარ ვსაუბრობ, მათ უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა მზია ამაღლობელის პატიმრობაზე,რადგან მათ წაახალისეს ძალადობა პოლიციის წინააღმდეგ. ისინი ამას აკეთებდნენ ოქტომბრის ბოლოდან მოყოლებული. მათ, ვინც ჩვენ ქვეყანაში ძალადობას ახალისებს, განსაკუთრებით პოლიციელებზე ძალადობას, არ აქვთ არანაირი მორალური უფლება, რომ რამეზე ისაუბრონ საერთოდ.
როდესაც საუბარია მზია ამაღლობელზე, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ კონკრეტულმა დონორებმა. მზია ამაღლობელი არის უცხოეთიდან დაფინანსებული პირი, მისი ორგანიზაციები ფინანსდება უცხოეთიდან და არც ერთი მისი დონორი პასუხისმგებლობას არ იღებს იმ ძალადობაზე, რომელიც ამ ქალბატონმა განახორციელა პოლიციელის წინააღმდეგ. თითოეული მისი დონორი, თითოეული თანხის ჩამდები პირი მის ორგანიზაციებში არის პასუხისმგებელი იმ პარტიულ-პოლიტიკურ ძალადობაზე, რომელიც მზია ამაღლობელმა განახორციელა. თუ ვინმეს რამეზე უნდა საუბარი, პირველ რიგში მოინანიონ და გამოხატონ სინანული ძალადობის წახალისებისთვის“ , – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, ადამიანებს, რომლებიც პოლიციის ძალადობას ახალისებენ, უნდათ სახელმწიფო ჩამოშალონ, რასაც „ადრე გახარიას ხელით აკეთებდნენ“ , ახლა კი სხვა ფორმით ცდილობენ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამის საშუალებას ვერავის მისცემენ – „ვერც ელჩებს, ვერც ჩინოვნიკებს, ვერ რადიკალურ ოპოზიციას და ვერც ენჯეოებს“
„როგორც იურისტი ვამბობ, რომ, როდესაც ადამიანი პოლიციელს შეურაცხყოფს, იქ მაქსიმალურად მკაცრი ზომები უნდა იყოს გამოყენებული იმისათვის, რომ სახელმწიფო იყოს დაცული. პოლიცია გამოხატავს სახელმწიფოს, პოლიციელზე ხელის აღმართვა მაქსიმალურად მკაცრად უნდა იყოს დასჯილი. ბუნებრივია, ის მიდგომა, რომელსაც სამართალდამცავი სტრუქტურები იყენებენ და ეს ასე უნდა გაგრძელდეს.
ადამიანებს, რომლებიც პოლიციის ძალადობას ახალისებენ, უნდათ სახელმწიფო ჩამოშალონ, ჩამოშალონ პოლიცია. ადრე ამას გახარიას ხელით აკეთებდნენ , ახლა სხვა ფორმით ცდილობენ. ამის საშუალებას ვერავის მივცემთ, ვერც ელჩებს, ვერც ჩინოვნიკებს, ვერ რადიკალურ ოპოზიციას და ვერც „ენჯეოებს“, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან ასეთი პროვოკაციის მოსაწყობად“,- განაცხადა კობახიძემ.