LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: შეიძლება გაგაკრიტიკონ, როცა ფეხბურთს თამაშობ, თქვან, რომ „პასებში ჰქონდა ხარვეზები“, თუმცა თუ ტაბლოზე ანგარიში არის 7:1, ამ კრიტიკას დიდი ფასი არ აქვს – ქვეყნის ეკონომიკა გასულ წელს 7,5 პროცენტით გაიზარდა!

136
ირაკლი კობახიძე

შეიძლება გაგაკრიტიკონ ბევრი რამისთვის, როდესაც ფეხბურთს თამაშობ, “პასებში ჰქონდა ხარვეზები” და ა.შ. თუმცა ტაბლოზე თუ არის ანგარიში 7:1, ამ კრიტიკას დიდი ფასი არ აქვს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პირველად ისტორიაში, საქართველოს ეკონომიკა გადასცდა 100 მილიარდ ლარს და შეადგინა 104,6 მილიარდი ლარი.

ირაკლი კობახიძე – „თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია! შემიძლია შევთავაზო ოპონენტებს, წარმოადგინონ თუნდაც ერთი ფაქტი ბოლო ერთი წლის პერიოდიდან“

„ციფრები არის ის, რაც ჩვენს ოპონენტებს ყველაზე მეტად არ უყვართ, რადგან ციფრები თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე. არ სჭირდება ციფრებს განსაკუთრებული ანალიზი. შეიძლება გაგაკრიტიკონ ბევრი რამისთვის, როდესაც ფეხბურთს თამაშობ, “პასებში ჰქონდა ხარვეზები” და ა.შ. თუმცა ტაბლოზე თუ არის ანგარიში 7:1, ამ კრიტიკას დიდი ფასი არ აქვს.

მე შემიძლია გითხრათ, რა ანგარიშით დასრულდა გასული წელი ჩვენი ქვეყნისთვის. არა ჩვენთვის მთავრობისთვის, ხელისუფლებისთვის სუბიექტურად, არამედ რა ანგარიშით დასრულდა ეს წელი ჩვენი ქვეყნისთვის, როგორი იყო ქვეყნის წინსვლა და პროგრესი გასული ერთი წლის, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.

ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გასულ 2025 წელს გაიზარდა 7,5 პროცენტით. ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა 3,9 მილიარდი დოლარით გასული ერთი წლის განმავლობაში, რაც არის შთამბეჭდავი მაჩვენებელი.

პირველად ისტორიაში საქართველოს ეკონომიკა გადასცდა 100 მილიარდ ლარს და შეადგინა 104,6 მილიარდი ლარი. მინდა, შეგახსენოთ, რომ 2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში ჩვენ დაგვხვდა ეკონომიკა 28 მილიარდ ლარზე ნაკლები და სულ რაღაც 5 წლის წინ, 2020 წელს ჩვენი ეკონომიკა იყო 50 მილიარდზე ნაკლები. ეს ნიშნავს იმას, რომ გასული 5 წლის განმავლობაში ლარში ჩვენი ეკონომიკა გაორმაგდა, დოლარში კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად მოვახერხეთ ლარის კურსის დასტაბილურება, გამყარება. შესაბამისად, გვაქვს ზრდის შთამბეჭდავი მაჩვენებლები როგორც 5 წლის ჭრილში, ასევე გასული წლის განმავლობაში. დოლარში 2020 წელს ჩვენი ეკონომიკა იყო 16 მილიარდი, ხოლო 2025 წელს გახდა 38,1, რაც ნიშნავს იმას, რომ დოლარში უფრო შთამბეჭდავია ჩვენი ზრდის მაჩვენებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები