საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გურიის რეგიონში, საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ვითარება რთულია, თუმცა ხელისუფლება მაქსიმალურად ეცდება ყველა პრობლემის დროულად გადაჭრას.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ დროისთვის გურიის სოფლების დიდი ნაწილი მოწყვეტილია გარე სამყაროს და კავშირი მათთან პრაქტიკულად შეუძლებელია, ამ პრობლემის გადასაჭრელად სამუშაოებში ჩართულია მძიმე ტექნიკა.
მისივე თქმით, მიუხედავად გამოწვევებისა, მთავრობა სრულად არის მობილიზებული და ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად იმუშავებს.
„დღეს განვიხილეთ რეგიონში არსებული მდგომარეობა. მდგომარეობა არის საკმაოდ რთული. გუშინდელმა თოვამ კიდევ უფრო მეტად გაართულა ვითარება, შესაბამისად, დღეს უკვე აუცილებელი გახდა, თავდაცვის ჯარების ჩართვა, რასთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სრულად იქნება კოორდინირებული, მობილიზებული ყველა უწყება იმისთვის, რომ ვებრძოლოთ სტიქიას.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, მდგომარეობა არის რთული. სოფლების ძალიან დიდი ნაწილი მოწყვეტილი არის გარე სამყაროს, ვერ მყარდება კომუნიკაცია სოფლების მნიშვნელოვან ნაწილთან, ამ კუთხით არის ძალიან ბევრი სამუშაო, ამისთვის ტექნიკა არის მობილიზებული იმისათვის, რომ მაქსიმალურად აღდგეს კავშირი კონკრეტულ სოფლებთან და ამაზე უკვე ამ მომენტიდან განახლდება აქტიური მუშაობა, ასევე დაგვჭირდება მარაგების მობილიზება, როგორც მედიკამენტების ნაწილში, ასევე სურსათისა და შეშის ნაწილში – გათბობისთვის და ამასთან დაკავშირებითაც ვიმუშავებთ კონკრეტული გეგმით.
მთლიანობაში, გეგმა არსებობს, ვითარება რთულია, გამოწვევა არის ძალიან ბევრი, თუმცა ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ყველა პრობლემის გადაჭრაზე.
საკმაოდ დიდი ოდენობით სხვადასხვა გაბარიტების ტექნიკა არის მობილიზებული, შესაბამისად, რაც კი რესურსის მოძიება შეიძლებოდა, ყველაფერი არის სრულად მობილიზებული. ჩართულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სამაშველო სამსახური, ჩართულია ჯარის ტექნიკა. ტექნიკა არის სრულად მობილიზებული იმისათვის, რომ ვებრძოლოთ სტიქიის შედეგებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.