„1991 წლის 31 მარტი იყო უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნისთვის, ამ დღეს ჩატარდა რეფერენდუმი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით, ასევე, დღეს, 86 წელი შეუსრულდებოდა საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას, რომელიც იყო ამ რეფერენდუმის და დამოუკიდებლობის გამოცხადების დღის მთავარი სულისჩამდგმელი“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, 1991 წლის შემდეგ ქვეყანამ გამოიარა ურთულესი წლები, თუმცა საქართველომ შეძლო დამოუკიდებლობის არამხოლოდ შენარჩუნება, არამედ კიდევ უფრო მეტად განმტკიცება.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, „დამოუკიდებლობა არის ის, რასაც განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ მომავალშიც“.
„საქართველომ დღემდე შეძლო დამოუკიდებლობის არამხოლოდ შენარჩუნება, არამედ კიდევ უფრო მეტად განმტკიცება. დამოუკიდებლობა არის ის, რასაც განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ მომავალშიც. დამოუკიდებლობას სჭირდება მუდმივი გაფრთხილება, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული როგორც არასდროს.
ეს არის ის მდგომარეობა, რასაც უნდა გავუფრთხილდეთ. დღევანდელ დღეს განსაკუთრებულად უნდა გავიხსენოთ ის ადამიანები, რომელთაც ამ წლების განმავლობაში დამოუკიდებლობის იდეას შესწირეს ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლე. განსაკუთრებით უნდა მივაგოთ პატივი ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც შეეწირნენ ომებს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.