LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ლექვინაძე ბუდაპეშტში კონკურენციის უწყებების პირველი პირების შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

134
ირაკლი ლექვინაძე

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე უნგრეთში, ქ. ბუდაპეშტში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ბუდაპეშტის კონკურენციის რეგიონალური ცენტრის (OECD-GVH RCC) მიწვევით, კონკურენციის უწყებების პირველი პირების შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.

ირაკლი ლექვინაძემ დეტალურად ისაუბრა საქართველოში კონცენტრაციების კონტროლის მექანიზმებზე და მიღებულ შედეგებზე.

„წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციების შესაძლო ფაქტების გამოვლენის და მათზე კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების მიზნით, სააგენტო ყოველკვარტალურ მონიტორინგს ახორციელებს. აღნიშნულის ფარგლებში, 2023 წელს, საქართველოში რეგისტრირებული 40 597 ტრანზაქცია გადამოწმდა. 2023 წელს 9 კონცენტრაციაზე გავეცით თანხმობა, საიდანაც 5 კონცენტრაცია, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინებით განხორციელდა, ხოლო 4 კონცენტრაცია სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. კომპანიების კონცენტრაციების ეფექტური კონტროლის მიზნით, სამეწარმეო რეესტრის მონაცემების საფუძველზე მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს განხორციელებული კონცენტრაციების გადამოწმება და შეუტყობინებლობის შემთხვევაში  შესაბამისი წარმოება იწყება”, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ღონისძიებაში მონაწილეობენ: პატი ბრინქი, აშშ იუსტიციის დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი; ფრედერიკ ჯენი, OECD-ის კონკურენციის კომიტეტის თავმჯდომარე; პოლ სიზარი, ევროკომისიის კონკურენციის დეპარტამენტის დირექტორი; ჩაბა ბალაშ რიგო, უნგრეთის კონკურენციის უწყების პრეზიდენტი; ორი შვარცი, OECD-ის კონკურენციის განყოფილების ხელმძღვანელი; მარია პილარ კანედო, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის უნგრეთის კონკურენციის რეგიონალური ცენტრის დირექტორი და სხვები.

სამუშაო შეხვედრის ფორმატში, სხვადასხვა ქვეყნის – ალბანეთის, უკრაინის, მოლდავეთის, ხორვატიის, სერბეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, რუმინეთის და ა.შ. კონკურენციის უწყებების პირველი პირები, გაფართოებული დიალოგის ფორმატში, მიმოიხილავენ კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების და მისი ეფექტიანად აღსრულების მეთოდებს, მათ შორის, უწყებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში დაცვის მეთოდებს და კონცენტრაციების კონტროლის მექანიზმებს.