LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში მომხმარებლის დაცვის მიმართულებით საქმიანობის ანგარიში წარადგინა

110
ირაკლი-ლექვინაძე

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ საქართველოს პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. 

ირაკლი ლექვინაძემ დეტალურად ისაუბრა 2022-2025 წლებში მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე, მიღწეულ შედეგებზე, მომხმარებლის ინტერესების შესაბამისად უწყების მიერ დადგენილ სტანდარტებზე, გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე.

„სააგენტომ, 2022 წლის 1 ნოემბერს, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულება დაიწყო. 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, მომართვიანობა გაორმაგებულია. 2025 წლის იანვარ-თებერვალში, შემოსული განცხადებების რაოდენობა 60%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

2022-2025 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქმეების 90%-ზე მეტი მომხმარებლის სასარგებლოდ გადაწყდა და მათ მილიონ ლარამდე აუნაზღაურდათ. საანგარიშო პერიოდში, ძირითადად, პრეტენზია ფიქსირდება ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე. ონლაინ ვაჭრობა იკავებს 70%-ს, ხოლო ნივთის ადგილზე შეძენა 30%-ს. მომართვიანობის მიხედვით ლიდერობს თბილისი 83%-ით, რომელსაც მოჰყვება აჭარის რეგიონი (5%) და იმერეთი (4%)“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მისივე განმარტებით, 2024 წელს საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველ ეროვნულ სტრატეგიას, რომელიც 2024-2027 წლებში მარეგულირებელი უწყებების ერთობლივ აქტივობებს და მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით უწყებების კოორდინაციის გაძლიერებას ისახავს მიზნად. 

„ჩვენ არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას ვახორციელებთ. მათ შორისაა საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებლის დაცვა“ და მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კვირეული, რომელიც მოიცავს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში მცხოვრებ მომხმარებლებთან შეხვედრას“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მისივე თქმით, სამართლიანი და გამჭვირვალე სავაჭრო პრაქტიკის დანერგვის მიზნით, 2024 წელს GCCA-ის მიერ მომზადდა საქონელსა და მომსახურებაზე ფასის მითითების გზამკვლევი, ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობებში პირთა ცნობიერების ამაღლების სახელმძღვანელო. ასევე, სმენა და მხედველობადაქვეითებული მომხმარებლების საჭიროებებზე ადაპტირებული ვიდეო და ბეჭდური მასალა და ა.შ. როგორც ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა შშმ პირების, ეთნიკური უმცირესობების, რეგიონში მცხოვრები მომხმარებლების, სასკოლო-საგანმანათლებლო სექტორში ჩართული პირების ინფორმირებულობის ხარისხის გაუმჯობესებას და მათთან აქტიური დიალოგის რეჟიმის ფორმირებას. 

საკომიტეტო მოსმენაზე საუბარი შეეხო საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებსაც, სადაც აღინიშნა, რომ მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონმდებლობის აღსრულების დაწყებიდან 2 წლისთავზე მსოფლიო ბანკმა (World Bank Group) GCCA-ს ერთ-ერთი ქეისი საუკეთესოდ ცნო 40 ქვეყანას შორის.

საკომიტეტო მოსმენას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, GCCA-ის თანამშრომლები, მარეგულირებელი უწყებების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g