LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ქადაგიშვილი: აშშ-ის მიერ საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერებაზე ჯერ ოფიციალური ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს, თუმცა ეს არ შეეხება სასწავლო, საქმიან თუ სამოგზაურო ვიზებს

169
ირაკლი ქადაგიშვილი საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერებაზე

„მოხარული ვარ, რომ საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც ხალხს გასაქცევად აქვს საქმე. აშშ-ის მიერ საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერება ჩვენთვის არ უნდა იყოს ტრაგედიის მანიშნებელი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, აშშ-ის მიერ საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერებაზე ჯერ ოფიციალური ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს, თუმცა ეს არ შეეხება სასწავლო, საქმიან თუ სამოგზაურო ვიზებს.

აშშ საიმიგრაციო ვიზების გაცემას საქართველოს მოქალაქეებისთვისაც შეაჩერებს

ინფორმაციისთვის, პაუზა 21 იანვრიდან შევა ძალაში და განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო პროცედურების ხელახლა შეფასებას არ დაასრულებს.

„არ ვიცით, ჯერ ალბათ ოფიციალური ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს. ზოგადად, საიმიგრაციო ვიზის შეჩერება რას ნიშნავს? არის ქვეყნები, სადაც ემიგრაცია სჭირდებათ, გამომდინარე იქიდან, რომ იმ ქვეყნებში, გარკვეულ მიზეზთა გამო – პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური ან საომარი მოქმედებების გამო – მოსახლეობას ემიგრაციაში წასვლა უწევს. სწორედ მათთვის არის ეს საიმიგრაციო ვიზები.

მოხარული ვარ, რომ საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც ხალხს გასაქცევად აქვს საქმე. შესაბამისად, ეს ჩვენთვის არ უნდა იყოს ტრაგედიის მანიშნებელი.

რაც შეეხება ჩვეულებრივ ვიზებს, ეს იქნება სასწავლო, ეკონომიკური საქმიანობისთვის, უბრალოდ, ამერიკაში სხვადასხვა საქმიანი თუ სამოგზაურო ვიზები, ეს ჩვეულებრივად გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, 14 იანვარს, „ფოქს ნიუსმა” გამოაქვეყნა ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზის გაცემის შეჩერებაზე გადაწყვეტილების შესახებ და დაურთო ქვეყნების ჩამონათვალიც, რომელშიც საქართველოც არის. საქართველოს გარდა სიაშია რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი.

მედიის ცნობით, პროცესის შეჩერება 21 იანვარს დაიწყება და განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ვიზების გაცემის პროცედურებს ხელახლა არ შეაფასებს.

magti 5g