LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ქადაგიშვილი: „პრეზიდენტს არაფერი გაუჭიანურებია, გამოიცა შეწყალების აქტი და დღეს დილიდან მოხდება შეწყალებულ პირთა გათავისუფლება“

117
ირაკლი ქადაგიშვილი

„პრეზიდენტს არაფერი გაუჭიანურებია. გამოიცა შეწყალების აქტი და დღეს დილიდან ამ აქტის შესაბამისად მოხდება შეწყალებულ პირთა გათავისუფლება. ამაში რა არის ისეთი სენსაციური, არაჰუმანური და საშინელება, რომ რატომ გამოეცი შეწყალების აქტი საღამოს და დილიდან რატომ დაიწყება ამ ხალხის განთავისუფლებაო“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა შეწყალების აქტზე საუბრის დროს განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პირი შეიწყალა

ქადაგიშვილის სიტყვებით, „ადამიანების ბედით სპეკულაცია ყველაზე დიდი არაჰუმანურობაა“.

„პრეზიდენტმა თქვა, რომ ნათლისღებას შეწყალების აქტს გამოსცემდა. 20 იანვარს დაიწყება შეწყალებულ პირთა გათავისუფლება. რა არის ამაში დაუძლეველი, ანტიჰუმანური თუ საშინელი ქმედება? შეწყალების აქტის გამოცემას წინ უძღვის მთელი რიგი პროცედურების გავლა, სადაც შესაბამისი სახელმწიფო უწყებებია ჩართული. ეს აქტი არ ხორციელდება ერთ საათში. გარკვეული დროის განმავლობაში შესაბამისი სამართლებრივი პროცედურებით შესაბამის უწყებებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა და ამ მუშაობის დასრულების შემდეგ ხდება შესაბამისი აქტის გამოცემა“, – თქვა ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილის თქმით, შეწყალების აქტის გამოცემის შემდეგ, გათავისუფლების პროცედურა რამდენიმე საათში იწყება, მაგრამ დღეს ამას აჟიოტაჟი მოჰყვა.

„ეს გამოწვეულია იქიდან, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ოპოზიციური ტელევიზიებით თუ სოციალური ქსელებით გარკვეული სეგმენტი ამბობდა, რომ აქტის გამოცემის შემდეგ ეს ხალხი უნდა გათავისუფლდესო. მთელი ამ ხნის განმავლობაში მიდიოდა პროპაგანდა, რომ ჩვენ არავითარი შეწყალება არ გვინდა და რომც შეგვიწყალოს, ამ არალეგიტიმური პრეზიდენტისგან ამას და იმას არ მივიღებთ და ა.შ. მიზანია, რომ საზოგადოებაში მუდმივად დაპირისპირებისა და დაძაბულობის მუხტი შენარჩუნდეს. პატიმართა მშობლებმაც იციან, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით, სულ მცირე, მიმართვა მაინც არის საჭირო.

რეალურად, როდესაც ვინმეს უნდა, ვინმე შეიწყალოს, ქმედებები სხვანაირია. არც ელოდებიან და არც სურვილი ჰქონდათ. პატიმრის გულშემატკივრებს და მშობლებს როცა ადამიანის შეწყალება სურთ, იქ სხვანაირი რიტორიკა და ქმედებები მიდის. ჩვენ პირიქით, სხვა რიტორიკას და ქმედებებს ვხედავდით მთელი ამ დროის განმავლობაში და მიზანი არა შეწყალების მიღწევა, არამედ სწორედ ამ სპეკულაციის, სპეკულანტური, დაძაბული გარემოს რამენაირად შექმნა იყო.

ყაველაშვილს არავისგან არანაირი ლეგიტიმაციის აღიარება არ სჭირდება. ეს ლეგიტიმაცია არის საქართველოს კონსტიტუციით და ამ კონსტიტუციის შესაბამისად წარმართული დემოკრატიული პროცესით და ხალხის არჩევანით. ზოგადად, სიტყვა შეწყალების მნიშვნელობას თუ დააკვირდებით და იმ კანონებს წაიკითხავთ, რომლებიც ამ აქტს უზრუნველყოფენ, მიხვდებით, რა არის საჭირო შეწყალებისთვის. სულ მცირე, ის მაინც უნდა იცოდეთ, რომ ვისაც იწყალებენ, მას ამ შეწყალების მიღების სურვილი მაინც უნდა ჰქონდეს“, – თქვა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, მიხეილ ყაველაშვილმა 159 პირი შეიწყალა. იყო მოლოდინი, რომ შეწყალება შესაძლოა, შეხებოდათ აქციების დროს დაკავებულ პირებს, რის გამოც, როგორც რუსთავის, ასევე გლდანის ციხესთან მსჯავრდებულების ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები მივიდნენ.

თენგიზ შარმანაშვილი: „ნებისმიერ ჰუმანურ აქტში პოლიტიკური ანგაჟირების შეტანა ამ აქტს აფუჭებს და ცრუ მოლოდინებს წარმოშობს, უნდათ, ხელოვნურად შექმნან მოლოდინები“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g