„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა „არავის აინტერესებს“ და რეალურად ოპოზიციის პროტესტი მის ციხიდან გამოყვანას უკავშირდება. როგორც ქადაგიშვილმა თქვა, მას არც ყოფილი პრეზიდენტის „შიმშილობის“ სჯერა.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, სააკაშვილის „ეს ბრჭყალებში შიმშილობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა“ მხოლოდ სპეკულაციაა.
„აქ ჩვენ ერთი რამე მარტივად უნდა გავიგოთ. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა არავის არ აინტერესებს, მე მგონი საკუთარ მშობელსაც კი არ აინტერესებს. გამომდინარე იქიდან, რომ მისი ეს ბრჭყალებში შიმშილობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამაზე სპეკულირება ემსახურება ერთ რამეს, რომ რამენაირად მსჯავრდებული სააკაშვილი ციხიდან გამოიყვანონ.
აი ეს არის მთელი ამ ვაკხანალიის მიზანი და მეტი არაფერი. ამიტომ მის ჯანმრთელობაზე თუ მართლა ვინმე რეალურად ზრუნავს, ეს არის ის ექიმები და ის პენიტენციური სისტემა, სადაც მიხეილ სააკაშვილია,“ — განაცხადა ქადაგიშვილმა.
დეპუტატმა რევოლუციურ სცენარსა და დესტაბილიზაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ექსპრეზიდენტის ოჯახის წევრები, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მას შიმშილობის შეწყვეტისკენ არ მოუწოდებენ, რადგან „რაც უფრო დამძიმდებოდა სააკაშვილის მდგომარეობა, მით უფრო ადვილი გახდებოდა, მათი გაგებით, ამ მიზნების მიღწევა.“
„ყველა მისი სასიცოცხლო მაჩვენებელი და ჯანმრთელობის მაჩვენებელი არის სტაბილური. 50-დღიანი შიმშილობის დროს ასეთი რამეები არ ხდება, ეს ყველაფერი არის სპეკულაცია,“ — აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.