კოტე გოგელია „მაესტროს“ გაყიდვას კარგა ხანია, აპირებს, ამაში ხუთ მილიონ-ნახევარს ითხოვს, თუმცა გია გაჩეჩილაძე გაყიდვაზე არ თანხმდება. ამის შესახებ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ს ირაკლი რუხაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, „მაესტროსთან“ დაკავშირებით კონსულტაციებს აპირებს და ამ მიზნით ლევან და გია გაჩეჩილაძეებსაც შეხვდება.
„გაყიდვაზე ვერ მოილაპარაკეს და ამიტომ ატყდა ამბავი. კონსულტაციებსა და გაჩეჩილაძეებთან შეხვედრას, რა თქმა უნდა, ვაპირებ“,-აღნიშნა რუხაძემ.
რაც შეეხება თანხის სესხებას, ირაკლი რუხაძის ინფორმაციით, თავად „მაესტროში“ თანხა არ ჩაუდია, „უბრალოდ, თავის მეგობარს ასესხა“. ამასთან, რუხაძე თანხას არ აკონკრეტებს.
„მაესტროში“ თანხა არ ჩამიდია. უბრალოდ, მეგობარს ვასესხე. რაოდენობა „უცნობს“ ჰკითხეთ. ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც, თუ უნდა, უნდა თქვას „უცნობმა“. თანხა ვასესხე იმიტომ, რომ პროცენტით დამიბრუნებს. ეჭვიც არ მეპარება, რომ დამიბრუნებს, „უცნობი“ მეგობარია და თან ეს ბიზნესიცაა“,-აღნიშნა რუხაძემ.
რაც შეეხება საქართველოში ჩამოსვლის მიზეზს, რუხაძის თქმით, ჩამოვიდა იმიტომ, რომ საქართველოში ცხოვრობს.