LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლის გვერდით ყოფნისას ვგრძნობდი, რომ ბედნიერება დროებითი იყო – ქეთათო სტუმრად „არტ-FM”-ში

23
qetatopopiashvili20101

გადაცემის ლაივი LIVE

30 სექტემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM” მუსიკოსი ქეთათო პოპიაშვილი სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრა.

– ქეთათო, მართალია, წლები გავიდა, მაგრამ თქვენს დანახვაზე მაინც ყველას ირაკლი ჩარკვიანი ახსენდება.  ყოველთვის განსხვავებულად აღნიშნავთ 19 ნოემბერს – ირაკლის დაბადების დღეს. წელს რა გეგმები გაქვთ?

– არაა გამორიცხული ახალი კლიპი წარვადგინო, რომლის შექმნაზე ძალიან დიდი ენერგია და ადამიანური რესურსი დაიხარჯა. ვფიქრობ, არაჩვეულებრივი ვიდეო გამოვიდა, თუმცა, მისი სრულფასოვანი პრეზენტაციისთვის შესაფერისი ტექნიკური აღჭურვილობაა საჭირო, რათა ის ეფექტი შეინარჩუნოს, რომელიც ჩვენ ჩავიფიქრეთ.

– კანონით საავტორო უფლებას ირაკლის შემოქმედებაზე სწორედ თქვენ ფლობთ. საინტერესოა, პირადად თქვენს უფლებებს ვინ იცავს?

– ყველა უფლებას თვითონ ვიცავ, თუმცა მეუღლეც მეხმარება, რადგან ბოლო წლებში საკმაოდ კარგად გავერკვიეთ ამ სფეროში. ირაკლის შემოქმედება იმდენად მრავალმხრივი და მრავალფეროვანია, რომ ნებისმიერ იურისტს გაუჭირდება მისი დეტალურად შესწავლა, ამიტომ თვითონ გადავწყვიტეთ საავტორო უფლებების დაცვა.

– წლების მანზილზე არსებობდა ირაკლის არალეგალური Youtube-არხი, თუმცა სერიოზულ სირთულეებს გადააწყდით, როცა თქვენ გადაწყვიტეთ მსგავსი  პლატფორმის ლეგალურად შექმნა..

– გეთანხმებით, არხი მართლაც დიდხანს არსებობდა და ირაკლის თაყვანისმცემლებიც სიამოვნებით ტვირთავდნენ ვიდეოებს, თუმცა პრობლემები შეგვექმნა, როცა ჩვენ დავიწყეთ მისი პირველი ალბომის ატვირთვა, რადგან აღმოჩნდა, რომ მასზე უფლებას სრულიად სხვა, უცნობ ადამიანი ფლობდა, თუმცა თაღლითობა სწრაფად გამოაშკარავდა და ჩვენც კანონიერი გზით დავიბრუნეთ ყველა უფლება.

– რა რეაქცია გაქვთ, როცა გაკრიტიკებენ?

– ობიექტურ კრიტიკას ყოველთვის სიამოვნებით ვიღებ, რადგან მხოლოდ კომპეტენტური აზრის მოსმენით შეიძლება წინსვლა და განვითარება, თუმცა არასდროს მაინტერესებს გაბოროტებული ადამიანების არაფრის მომცემი ქილიკი.

– რა ეტაპებად დაყოფდით თქვენს ცხოვრებას?

– ალბათ, ირაკლის გამოჩენამდე სწორედ მასთან შეხვედრისთვის ვემზადებოდი, ირაკლის გვერდით ყოფნისას ვგრძნობდი, რომ ბედნიერება დროებითი იყო, ირაკლის შემდეგ კი, მართალია, ფიზიკურად დავშორდით, მაგრამ მაინც ყოველთვის ვგრძნობ მის სიახლოვეს. სწორედ ისაა ჩემი სტიმული და მთავარი მოტივაცია.

– რამდენადაც ვიცი, გამომცემლობა „მეფემ“ სალომე მაკარაძის მოთხრობების კრებული გამოუშვა. როგორ შეაფასებთ ახალ ნამუშეავარს?

– ალბათ იცით, რომ სალომე ძალიან კარგი პოეტი და „საბას“ პრემიის ლაურეატია, თუმცა მოთხრობების წერა სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო. ძალიან მომეწონა მის წიგნზე მუშაობა, რამდენიმე დღიის წინ „ლიტერას“ დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა, დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორედ სალომე გაიმარჯვებდა, თუმცა სხვა ახალგაზრდა მწერალმა, ეკა ქევანიშვილმა მოიპოვა გამარჯვება.

– მართალია, უამრავი სიმღერა შეასრულეთ ირაკლისთან ერთად დუეტში, მაგრამ საკუთარი კომპოზიციებიც მრავლად გაქვთ..

– ჩვენ ყოველთვის ერთად ვმუშაობდით და ერთმანეთს ვავსებდით. სინამდვილეში, ნებისმიერს შეუძლია სიმღერის წერა, ვისაც მელოდიის აღქმა შეუძლია და კომპოზიციის სტუქტურა იცის, თუმცა სათქმელი არ აქვს არაფერი. შესაძლოა ბევრი არ შემიქმნია, მაგრამ ყველა კომპოზიცია ბოლომდე და მხოლოდ ჩემია, რადგან ემოციურ ფონზე დავწერე მაშინ, როცა უბრალოდ არ შემეძლო გაჩუმება.

– როგორ გაიხსენებთ თქვენსა და ირაკლის სიყვარულის ისტორიას?

– სიმართლე რომ ვთქვა, მაშინვე შემიყვარდა, როცა პირველად ვნახე ტელევიზორში. ძალიან გამოირჩეოდა ქართველი მუსიკოსებისგან და მივხვდი, რომ სწორედ ის იყო ჩემი ადამიანი.

– რას ნანობთ ყველაზე მეტად?

– საერთოდ არაფერს არ ვნანობ. ვფიქრობ, ადამიანს არაფრის არ უნდა ეშინოდეს, თამამად, გაბედულად უნდა იცხოვროს და არაფერი არ ინანოს.

– თქვენი შვილისთის რა პროფესიას ისურვებდით?

– ნანა ბავშვობიდანვე ძალიან ცნობისმოყვარე იყო. ყველაფერი აინტერესებდა, ხან ბალერინობა უნდოდა, ხან ნამცხვრების ცხობა. ახლა მუსიკითაა გატაცებული, ძალიან მარტივად გამოსდის სიმღერების წერა, კლიპებსაც დამოუკიდებლად იღებს და ამონტაჟებს, ამიტომ ხელს არ ვუშლი, თუმცა საბოლოო არჩევანს რა თქმა უნდა, ისევ თვითონ გააკეთებს.

– რას ელით მომავლისგან?

– მომავალი ყოველთვის იმ შედეგით გპასუხობს, რასაც აწმყოში გასცემ. უამრავი რამ მაქვს გასაკეთებელი, ამიტომ მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული როგორი მომავალი მექნება.

– რას ვერ ელევით ან რას გაურბიხართ?

– არაფერს არ გავურბივარ. ვცდილობ, ყველაფერი მშვიდად და ობიექტურად მივიღო, რადგან სინამდვილეში ვერაფერს ვერ გაექცევი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g