17 მაისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს რეჟისორი ირაკლი გურგენიძე, მსახიობები ანა იმნაძე და თორნიკე ბელთაძე სტუმრობდნენ, რომელთაც 18 მაისს თავისუფალ თეატრში დაგეგმილი სპექტაკლის “ტრამვაი, სახელად “სურვილის” პრემიერაზე ისაუბრეს.
– ირაკლი, რა მესიჯს უგზავნით მაყურებელს ტენესი უილიამსის საკულტო პიესის თანამედროვე დადგმით?
– პიესაზე მუშაობა ერთი წლის წინ დავიწყე, როცა კოვიდ-პანდემიის რეალობაში ვცხოვრობდით და თეატრები დახურული იყო, ამიტომ უამრავი დრო მქონდა ფიქრისა და სასურველი თემის ასარჩევად. რატომღაც იზოლაციისა და კომუნიკაციის დეფიციტის ფონზე ყველაზე მართებულად სწორედ ძალადობის თემა მომეჩვენა, თუმცა არა იმდენად ძალადობის აქტით დავინტერესდი, რამდენადაც იმ მიზეზებით, რაც საბოლოოდ ძალადობას ბადებს. სხვათა შორის, ძალადობის თემაზე ფიქრისას რუსეთ-უკრაინის ომი ჯერ დაწყებული არ იყო, ამიტომ ჩემი არჩევანი გარკვეულწილად წინასწარმეტყველური გამოვიდა. რაც შეეხება უილიამსის პიესას – მართლაც არაჩვეულებრივი ისტორიაა, რომელიც მანამდეც არაერთხელ დადგმულა ცნობილი თეატრების სცენაზე. ჩვენ ახლებურად ვცადეთ მისი გააზრება და თუ მანამდე წინა პლანზე მთავარი გმირების დაპირისპირება იყო წამოწეული, ჩვენ ძალადობის უფრო სიღრმისეულად კვლევა გადავწყვიტეთ. ინტერესით გავეცანი თავად უილიამსის ბიოგრაფიას, რომელიც ბავშვობაში თვითონ ემსხვერპლა მამის ძალადობას და სწორედ ამიტომ გახდა მისთვის ეს თემა ასე აქტუალური. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თავისუფალ თეატრს, მის სამხატვრო ხელმძღვანელს ბატონ ავთო ვარსიმაშვილს და თბილისის მერიას, რომლის მხარდაჭერითაც ხორციელდება ჩვენი პროექტი.
– რამდენად რთული იყო მთავარ როლებზე მსახიობების შერჩევა?
– ძალიან რთული, თუმცა თავიდანვე ზუსტად ვიცოდი ვინ შეასრულებდა ბლანშ დუბუას როლს, ამიტომ პიესაზე მუშაობის დაწყებისთანავე შევთავაზე ანი იმნაძეს მისი განსახიერება. ძალიან გამიჭირდა დანარჩენი პერსონაჟების მოძიება, რადგან რამდენჯერმე შეიცვალა სპექტაკლის კონცეფცია. საბოლოოდ სტენლი კოვალსკის როლი ოთო ჩიქობავას მივანდე, ჰაროლდ მიტჩელს, იგივე მიტჩს კი თორნიკე ბელთაძე განასახიერებს.
– ანა, რამდენად საინტერესო იყო ბლანშ დუბუას როლზე მუშაობა?
– მე და ირაკლი კარგი მეგობრები ვართ, ამიტომ ყოველთვის მიადვილდება მასთან მუშაობა. მართალია, ხშირად აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს, მაგრამ საერთო ფასეულობების წყალობით მაინც ვახერხებთ შეთანხმებას. რთული, თუმცა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ბლანშის როლზე მუშაობა, ამიტომ სიხარულით მივიღე ირაკლის შეთავაზება.
– ირაკლი როგორ მოგეწონათ ანისთან თანამშრომლობა?
– საბედნიეროდ, ანი იმ მსახიობების კატეგორიას მიეკუთნება, ვინც ემორჩილება რეჟისორს, თუმცა არასდროს მიჰყვება ბრმად, რადგან ყოველთვის დეტალურად იკვლევს საკუთარი პერსონაჟის ხასიათს. ზოგადად, ბლანში ძალიან რთული, მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია, ამიტომ ორმაგად საინტერესო იყო ანისთან მუშაობა.
– თორნიკე, რამდენად შეძელით მიტჩის პერსონაჟის მორგება?
– მართალია, ირაკლის თეატრალური უნივერსიტეტიდან ვიცნობდი, მაგრამ მის სპექტაკლში არასდროს მითამაშია. ძალიან გამიხარდა მისი შეთავაზება, თუმცა თავიდანვე ვიცოდი, რომ საკმაოდ რთულ პერსონაჟზე მომიწევდა მუშაობა. მოუთმენლად ველი პრემიერას, მით უფრო, რომ დიდი ხანია მიტჩის ცხოვრებით ვცხოვრობ, სრულად გავიზიარე მისი პრობლემები, წუხილი და მემგონი მანერებიც მისგან ვისესხე.
– ანი, რა განასხვავებს თქვენს სპექტაკლს წინამორბედებისგან?
– ვფიქრობ, უილიამსის პიესა არასდროს დაკარგავს პოპულარობას, რადგან ავტორის მიერ წამოჭრილი პრობლემები ნებისმიერ დროსა და ეპოქაში აქტუალურია. არაჩვეულებრივი მსახიობები მონაწილეობენ დადგმაში, ამიტომ დარწმუნებული ვარ, მართლაც შესანიშნავ სპექტაკლს წარვუდგენთ მაყურებელს.
– თორნიკე, როგორ გაიხსენებთ სპექტაკლისთვის მზადებას?
– ძალიან საინტერესო რეპეტიციები გვქონდა. ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს გუნდს, რომელთანაც მუშაობ, ამ შემთხვევაში კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან პრაქტიკულად უცნობ დასთან მომიწია თანამშრომლობა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, რადგან საოცრად თავისუფლად, კომფორტულად ვიგრძენი თავი და როლზე მუშაობაც ბევრად გამიმარტივდა.