ირანისთვის, ბირთვული პროგრამის გამო, დაწესებული ეკონომიკური სანქციების მოხსნის შემდეგ საქართველოში განსაკუთრებული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ ,,ფორტუნას” ,,ადმირალ მარკეტ ჯორჯიას” დირექტორმა დავით წიქარიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ირანს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იაფი ნავთობი აქვს და მისი მოპოვება, დაახლოებით, იგივე უჯდება, რაც საუდის არაბეთს.
,,მათ ბაზარზე ძალიან იაფი ნავთობის გამოტანა შეუძლიათ და თან ძალიან დიდი რაოდენობით. ამბობენ, რომ პორტებში უკვე დატვირთული ტანკერები უდგათ და გაყიდვები პრაქტიკულად უკვე დაწყებული აქვთ. ამას ემატება ისიც, რომ ირანის ტანკერების ბლოკი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდია. აქედან გამომდინარე, ეს არის უდიდესი მოთამაშე, რომელიც ნავთობის ბაზარს შემოემატა და ეს იმას ნიშნავს, რომ ნავთობის მოწოდება გაიზარდა”, – განაცხადა დავით წიქარიძემ.
,,ადმირალ მარკეტ ჯორჯიას” დირექტორი ნავთობის ფასის კიდევ უფრო დაცემასაც ვარაუდობს და იმედს გამოთქვამს, რომ ეს ფაქტი საქართველოში ბენზინის ფასზეც აისახება.
,,დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც ისედაც ჭარბი მოწოდებაა და მოთხოვნა ნაკლებია, უნდა ვივარაუდოთ, რომ ფასები კიდევ უფრო დაეცემა. ვფიქრობ, ფასები უკვე არაკონტროლირებადია და უახლოეს მომავალში, ალბათ, სასწაულ ფასებსაც ვიხილავთ. ეს ფაქტი საქართველოზეც დადებითად უნდა აისახოს და ნორმალურ ქვეყანაში ნავთობის გაიაფებას ბენზინის გაიაფება უნდა მოჰყვეს”, – მიიჩნევს წიქარიძე.
ბაზრების დივერსიფიცირების კუთხით, წიქარიძე ცვლილებებს არ ელის და ფიქრობს, რომ საქართველო ირანისგან ნავთობს არ იყიდის.
,,მცირე რაოდენობით, მაგრამ გარკვეული ნავთობი ჩვენც გვაქვს. გვერდით კი აზერბაიჯანი გვყავს. საქართველოში ნავთობის გადამუშავება არ ხდება. ამიტომ ეს ფაქტი ინვესტიციების მოზიდვის კუთხითაც არავითარ შეხებაში არ მოდის. უბრალოდ გაიაფება კარგი ფაქტია და აქედან დიდ მოგებას მივიღებთ. ნავთობი რომ არ გაიაფებულიყო, ახლა საქართველოს ეკონომიკაში კატასტროფული მდგომარეობა იქნებოდა და ბენზინი ალბათ 4 ლარი ეღირებოდა”, – აღნიშნა დავით წიქარიძემ.
ირანს ბირთვული პროგრამის გამო 2005 წელს დაწესებული სანქციები გუშინ მოეხსნა.