ირინა ონაშვილმა გარდერობი გამოაცარიელა და თავისი საღამოს კაბები სრულიად უფასოდ მათ გადასცა, ვისაც ბანკეტისთვის კაბის ყიდვის საშუალება არ ჰქონდა:
„სოციალურ ქსელებში არსებულ ქალთა ჯგუფებში წელს განსაკუთრებულად მომხვდა თვალში, რომ სკოლის ბანკეტისთვის კაბები არ ჰქონდათ. ზოგადად, გულთან ახლოს მიმაქვს ადამიანების პრობლემები და ამ ფაქტმა ძალიან იმოქმედა ჩემზე. შემდეგ წამოვიდა ინიციატივები, ნინო თარხნიშვილმა დადო პოსტი და თავისი ორი ულამაზესი კაბა გააჩუქა მათზე, ვისაც საბანკეტოდ სჭირდებოდა. მე არ ვარ მომღერალი და შოუბიზნესის წარმომადგენელი, რომ უამრავი გამოსასვლელი კაბა მქონდეს. როცა გარდერობს გადავხედე, ავარჩიე ის კაბები, რომლებიც ერთ-ორჯერ მქონდა გამოყენებული სხვადასხვა გადაღებისთვის. ვიფიქრე, რომ თუ თუნდაც ერთ ადამიანს მაინც გავახარებდი, ბედნიერი ვიქნებოდი. დავდე ჩემი კაბები „ინსტაგრამზე“ და ვინც მწერდა, ვცდილობდი, გადამემოწმებინა, შეესაბამებოდა თუ არა სკოლის დამამთავრებელი გოგონას ასაკს. შევფუთე ეს კაბები ლამაზად და გავუგზავნე ადრესატრებს. დაახლოებით ათი გოგონა გავახარე. მწერენ მადლობებს და ეს ძალიან მახარებს… სულ ორი კაბა დავიტოვე, ისიც იმის გამო, რომ დამჭირდეს, მქონდეს…“
ირინა ონაშვილი იხსენებს, რომ როცა თავად ჰქონდა ბანკეტი, მაშინ სოფო ჭყონიასთან სააგენტოში იყო და საბანკეტოდ სოფომ თავისი კაბა აჩუქა.