ირინა სარიშვილი ლელა წურწუმიას გადაცემის „მხოლოდ ლელასთან“ სტუმრობდა.
ლელა წურწუმიამ ირინა სარიშვილს დაუსვა კითხვა იმის შესახებ, რაზეც ერთ დროს მთელი საქართველო საუბრობდა, იყო თუ არა ის გარეული გია ჭანტურიას მკვლელობაში.
ირინა სარიშვილი:
„მთელი ის პერიოდი, რაც საავადმყოფოში ვიყავი, „პაეზდკასავით“ მახსოვს იმასთან შედარებით, რაც მოხდა მერე. როდესაც მივედი სახლში, ჯერ შეხება გიას ნივთებთან, შესვლა იმ ოთახში, ჩემთვის ეს იყო ისეთი რაღაცის დაკარგვა… მარტო მე ვინც მიყვარდა, ის კი არ მომიკვდა, მე რომ ყველაზე ძალიან ვუყვარდი, უცებ ის ადამიანი აღარ იყო… როდესაც შენ გაკლდება იმის სიყვარული, ვერაფრით შეცვლი, თორემ შენ აგრძელებ სიყვარულს. სულ შეცდომას შეცდომებზე ვუშვებდი პირად ურთიერთობებში, იმას ვეძებდი, რისი შეცვლაც შეუძლებელია.
გამოვედი საავადმყოფოდან და დაიწყო ჩემი გინება ე.წ. ინტელიგენციიდან. მოდიოდნენ შევარდნაძისგან და მთავაზობდნენ თანამდებობებს. ისინი გავუშვი, სადაც გასაშვებია ღიმილით, ეს მაშინაც არ მიჭირდა, მისამართების მითითება. მერე წამოვიდა ის ხალხი, სულ სხვა თემით, რომლებსაც აქამდე ბავშვობის მეგობრებად არა, თანამოაზრეებად მივიჩნევდი. ეს იყო შიდა ბრძოლა, როდესაც ათი წლის განმავლობაში გადავიტანე, როგორც პარტიის თავმჯდომარემ.
ყველაზე მძიმე, რაც იყო ჩემთვის და კიდევ კარგი, არ წამოვეგე, რადგან უბრალოდ, ცოცხალი არ ვიქნებოდი. შემოვიდა ინფორმაცია, რომ კარგა ხანს გარეთ არ გავსულიყავი, რადგან ყველა საუბრობდა იმაზე, რომ გარეული ვიყავი გიას მკვლელობაში. მე ხომ არ ვიცოდი, რომ ეს ტყუილი იყო. უცებ მითხრეს და წავიდნენ. არ მინდა სახელებისა და გვარების თქმა, რადგან ალბათ, გვისმენდნენ. ეს იყო იმიტომ გაკეთებული, რომ ან გული გამსკდომოდა, ან მართლა არ გამოვსულიყავი სახლიდან. გვერდზე მედო გიას იარაღი. გიას დედას ვთხოვე, რომ არავინ შემოსულიყო ჩემს ოთახში, მაშინ გიას მშობლებთან ვცხოვრობდი. იარაღზე ხელი მქონდა მოკიდებული და სერიოზულად ვფიქრობდი თავის მოკვლას, რადგან ამის გაძლება იყო შეუძლებელი. ერთადერთი, რამაც გამაჩერა, მე რომ ეს გავაკეთო, რადგან ყველა ლაპარაკობს, მართლა დაიჯერებენ-მეთქი და ჩემს ახლობლებს იმის გადატანა მოუწევთ, რისგანაც ახლა მე უნდა გავიქცე-მეთქი. ერთ წამში გავხდი სხვა ადამიანი, უკეთესი ან უარესი, არ ვიცი. ხმაც კი შემეცვალა. სარკეში რომ ჩავიხედე, მე მე აღარ ვიყავი. იმ ღამესვე დამემართა სტენოკარდიული შეტევა და მართლა ძლივს გადამარჩინეს.
იმ პერიოდში არც ვფიქრობდი, გავაგრძელებდი თუ არ პოლიტიკას. ეს ისეთი რამ იყო, როცა შეტევიდან გამომიყვანეს, დავურეკე ერთ-ერთ მათგანს და შევთავაზე, რომ ახლა თქვენ მოხვალთ, სულ ყველა, შვიდივე, აქ იქნება ადამიანი, რომელიც ამას კამერით გადაიღებს. ჯერ თქვენი პირით მეტყვით, თქვენ თვითონ რას ფიქრობთ, ეს ამბავი რომ მომიტანეთ, საკმარისია, რომ ვიღაცამ ორჭოფობა დაიწყოს, მე გავიხდი და ყველა ჭრილობას გაჩვენებთ, შემდეგ კი აქედან ჩემს მტრებად გახვალთ-მეთქი. არა, არა, რა სისულელეაო. ჩვენ ეს ერთი წუთითაც არ გვიფიქრიაო. აღმოჩნდა, რომ მშვენივრად იცოდნენ ყველაფერი. თვითონაც არ ელოდნენ ამას. ბოლო საკონტროლო გასროლა გააკეთეს, 40 რომ იყო გიასი, იმ დღეს დანიშნეს პარლამენტის სხდომა. იფიქრეს, არ მოვაო, მაგრამ რა თქმა უნდა, მივედი. გამაყუჩებლები გავიკეთე და მივედი. გამოვედი სიტყვით, ვთქვი, რისი თქმაც მინდოდა და დავჯექი. ამის მერე ჩავები ბრძოლაში და ათი წელი ვიბრძოდი იმისთვის, რაც არ მინდოდა…“