ირლანდიაში, “Gaelscoil Mhíchíl Uí Choileáin”-ის სკოლაში, მოსწავლეებს მთელი დეკემბრის თვის განმავლობაში საშინაო დავალებების ნაცვლად, სიკეთის კეთება და სხვა ადამიანებზე ზრუნვა დაევალათ. ისინი დღის განმავლობაში გაკეთებულ კეთილ საქმეებს ე.წ “სიკეთის დღიურებში” ინიშნავენ, ჩანაწერებს კი ხელს მათი მშობლები აწერენ.
ბოლო სამი წელია ეს სკოლის ტრადიციად იქცა. ამ სახალისო დავალებას ყოველწლიურად სხვადასხვა დანიშნულება აქვს, მაგალითად: წინა წლის დეკემბრის თვეში მოსწავლეებს მადლიერების განცდის გაძლიერებაზე უნდა ეზრუნათ. თავიანთი მიღწევების შესახებ კი ისინი “მადლიერების დღიურში” წერდნენ.
- ყოველ ორშაბათს სკოლის მოსწავლეებმა თავიანთ მარტოხელა ნათესავებს, ახლობლებს საშობაო ბარათები უნდა გაუგზავნონ, დაურეკონ ან ესტუმრნონ და ასე გაახარონ.
- სამშაბათობით მშობლებს საოჯახო საქმეებში უნდა დაეხმარონ.
- ოთხშაბათობით თავიანთი კეთილი ქცევით ერთი ადამიანი უნდა გაახარონ, ხოლო მომდევნო დღეს საკუთარ თავზე უნდა იზრუნონ.
- პარასკევს, სკოლაში შეკრება იმართება, სადაც მოსწავლეები თანატოლებს დაკვირვების შედეგად ერთმანეთზე შექმნილ დადებით შთაბეჭდილებებს ფურცელზე წერენ და “სიკეთის თაიგულში” ათავსებენ. ამ აქტივობის მიზანი მოსწავლეების თვითშეფასების ამაღლებაა.
სკოლის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:“ჩვენ ბავშვებს შობის არსის წვდომაში ვეხმარებით. ასე ისინი სიკეთის და უანგარობის მნიშვნელობას ითავისებენ. გვსურს ბავშვებმა შობის შესახებ მეტი გაიგონ. სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს საახალწლო განწყობა არ აქვს. ისინი მარტოსულები და უბედურები არიან. მსგავსი ადამიანების დახმარება კეთილი საქმით ყველას შეგვიძლია. კეთილი საქმის კეთება არ საჭიროებს მატერიალურ სახსრებს, ის აბსოლუტურად უფასოა. მთავარი გზავნილი, რომელსაც ჩვენს მოსწავლეებს ვაწვდით, შემდეგია: მათ შეუძლიათ ღიმილის მიზეზი გახდნენ. პატარებს აქვთ უნარი, საკუთარი ქცევით სამყარო სხვებისთვის და საკუთარი თავისთვის უკეთეს ადგილად აქციონ”.
“We are encouraging our pupils to think of the real spirit of Christmas, the spirit of kindness & giving. Our message is simple: they can be the reason somebody smiles today & they can help make this world a better place for others & for themselves.” ?? https://t.co/ujbI4Q2xIK
— Jacqueline de Rojas CBE (@JdR_Tech) December 8, 2019