LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირმა ჭკადუა რესტორან „ქვევრში“ მომხდარზე: „ყველაფრის დალუქვა ადგილზე მოხდა, შესაბამისად, იმაზე საუბარი, რომ ვინმემ იარაღი შეცვალა, არის კონსპირაციის თეორიები – თუკი ლაშა ბასლანძის ბრალეულობა გამოიკვეთება, ის ამას არ გაექცევა“

124
ჭკადუა

ყველაფრის დალუქვა ადგილზე მოხდა. შესაბამისად, იმაზე საუბარი, რომ ვინმემ რამე შეცვალა, არის კონსპირაციის თეორიები, – ასე პასუხობს „ინტერპრესნიუსთან“ ლაშა ბასლანძის ადვოკატი, ირმა ჭკადუა რესტორან „ქვევრის“ მფლობელის, შალვა ტიბუას ვარაუდს, რომ იარაღი, რომელიც გამოძიებას ამოღებული აქვს, შეცვლილია.

როგორც ჭკადუა განმარტავს, ბასლანძემ გამოძიებას ის ინფორმაცია მიაწოდა, რაც რეალურად მოხდა. ამასთან, ადვოკატის თქმით, თუკი მისი ბრალეულობა გამოიკვეთება, ამას არ გაექცევა.

„რაც იყო, ის ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას. ლაშას არც დაუმალავს, რაც კადრებზეა. გამოძიება მიმდინარეობს და რასაც დაადგენს გამოძიება, ლაშას თუ რაღაც სასჯელი ემუქრება, არც ამას გაურბის“, – განაცხადა ჭკადუამ.

რაც შეეხება მეორე მხარის ეჭვს, რომ ის იარაღი, რაც ლაშა ბასლანძეს ჰქონდა, სათამაშო არ იყო და ის შეცვალეს, ჭკადუა კატეგორიულად გამორიცხავს.

„ყველას აქვს უფლება, რაღაც თქვას, მაგრამ იმ წამიერად მივიდა პოლიცია და კარგად იციან, რომ იმ სივრციდან არავინ გასულა. რა ვუპასუხო მათ ვარაუდებს და ეჭვებს, მაშინ, როცა ცალსახად ჩანს, რომ იქ გასროლა მოხდა და გასროლა იმ ადამიანმა განახორციელა, რომელიც მისი [შალვა ტიბუას] თანმხლები პირია. ამოღებულია ყველანაირი მასრა, მათ შორის, მათი იარაღი და ისიც, რაც თან ჰქონდა ლაშას.

კიდევ ერთხელ გეუბნებით, ყველაფრის დალუქვა ადგილზე მოხდა, შესაბამისად, იმაზე საუბარი, რომ ვინმემ რამე შეცვალა, ეს არის კონსპირაციის თეორიები. ამ დღეებში მუსირებს აზრი, რომ ლაშა ვიღაცასთან დაახლოებულია, აბსოლუტურად არავინ არაფერ შუაშია, ლაშას მისი ავტორიტეტი გააჩნია და ის ინციდენტი, რაც მოხდა, ყოფით, ადამიანურ რაღაცას უკავშირდებოდა, რომელიც სალაპარაკო არ არის… ყველამ იცის, რომ ლაშა ბასლანძე არის ადამიანი, რომელიც ცდილობს, ყველას პატივი სცეს, „ქვევრი“ მის სახელს და გვარს, მის ოჯახს უკავშირდება. ბუნებრივია, ესეც სადაო არ არის, შესაბამისად, იმ დღევანდელ ინციდენტს კავშირი სხვა რამესთან არ აქვს“, – განაცხადა ჭკადუამ.

„განმარტებას ვერ გავაკეთებ“ – რას პასუხობს კახა კალაძე ლაშა ბასლანძესთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე

კითხვაზე, სთხოვდა თუ არა რესტორნის მფლობელს მისი დაცვის ქვეშ მყოფი წილების გადაფორმებას, ჭკადუა უარყოფით პასუხს სცემს.

„არანაირ წილებზე საუბარი არ არის, ეს არის ოჯახის ბიზნესი, როცა კრედიტი აიღეს ბანკიდან. დღემდე ჩადებულია, როგორც ლაშას დედის, ძმის, ლაშას ქონება, დღემდე ამ სესხს ემსახურება მათი უზრუნველყოფილი ქონება. წინ არ გავუსწრებთ მოვლენებს, ბევრი დეტალი მოგვიანებით გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი“, – აცხადებს ჭკადუა.

ის ასევე უარყოფს ინფორმაციას, რომ მტკიცებულები – ვიდეოჩანაწერი განადგურებულია.

„ლაშას წასაშლელი არაფერი ჰქონდა, არაფერს მალავს, ეს ადამიანი თუ რამეს აკეთებს, იმას ამბობს კიდეც“, – განაცხადა ჭკადუამ.

ცნობისთვის, 6 სექტემბერს, რესტორან „ქვევრში“ სროლა და დაპირისპირება იყო. მედიაში გავრცელებული კადრების მიხედვით, ლაშა ბასლანძე, რომელსაც მხარე, როგორც რესტორნის ყოფილ მეიჯარედ მოიხსენიებს, ტიბუას თავს იარაღით დაესხა. შალვა ტიბუას ადვოკატის განცხადებით, ლაშა ბასლანძე, როგორც მეიჯარე, ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებდა, რის გამოც, მფლობელმა მას ხელშეკრულება შეუწყვიტა, აღნიშნულმა ფაქტმა კი ლაშა ბასლანძე გაანაწყენა და რესტორანში მეპატრონეს თავს დაესხა.

მოგვიანებით, ბასლანძემ გააკეთა კომენტარი, რომლის მიხედვითაც, მას მის „პარტნიორთან კონფლიქტი მოუვიდა მისი უღირსი საქციელის გამო“. ბასლანძის თქმით, მან ტიბუას შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა, დაზიანებამდე საქმე არ მისულა“. მისივე ვერსიით, „გაწევ-გამოწევის დროს ტიბუას მეგობარმა, თუ დაცვის თანამშრომელმა, რაღაც გაფორმებული იარაღით, ჰაერში გაისროლა“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ „ქვევრის“ მეპატრონის ადვოკატის, თამარ აბესაძის განცხადებით, შალვა ტიბუა ეჭვობს, რომ ამოღებული იარაღი არ არის ის, რითაც მის მიმართ ძალადობა განხორციელდა და ის შეუცვალეს. აბესაძის ინფორმაციითვე, “იარაღი” “შემთხვევით” იპოვეს მაგიდის ქვეშ შეგდებული, “სათამაშო პისტოლეტს კი დამალვა არ სჭირდება”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g