ფოტოხელოვანი, დიზაინერი ირმა შარიაძე “ტვ პირველზე” სტუმრობისას საკუთარ ამბავზე ალაპარაკდა და აღნიშნა, რომ თავადაც იყო მეუღლისგან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი…
ირმა შარიქაძე:
„ამაზე არასდროს მისაუბრია. გულწრფელად გეტყვით, რომ დღეს აქ მოსვლის მიზეზი არა მხოლოდ ნინუცა მაყაშვილისთვის სოლიდარობის გამოთქმა, არამედ იმის თქმაცაა, რომ მე ჩემი შვილის მამისგან თავის დროზე სწორედ ძალადობის მიზეზით წამოვედი. ეს იყო ცემის ფაქტი, როდესაც ჩემი შვილი იყო 8 თვის, ახლა ის არის 21 წლის. ძალიან მსგავსი სიტუაცია მქონდა, როცა ნინუცა საუბრობდა, როგორ წამოვიდა. ეს რთული მოსაყოლია, როგორი სტრესია ის მომენტი, როდესაც ცდილობ, სწორი დრო შეარჩიო იმ სახლიდან წამოსასვლელად, სადაც შენზე ძალადობენ. გგონია, რომ თუკი არასწორ დროს გააკეთე, შეიძლება, მოგკლან… გამოვიპარე რვა თვის ბავშვით იმ სახლიდან… ჩემ შემთხვევაში დიდი ხნის განმავლობაში არ გრძელდებოდა. რამდენიმე შემთხვევა ზედიზედ რომ გამეორდა, გადავწყვიტე, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში აღარ უნდა ყოფილიყო. არსად წასასვლელი არ მქონდა და ფაქტობრივად, არსად წავედი ბავშვით ხელში, მაგრამ ამ დროს გაქვს არაადამიანური ინსტინქტი შვილის გადასარჩენად. გინდა შენი შვილი გადაარჩინო და არ იცხოვროს იქ, სადაც ხდება ძალადობა.
ძალადობა ხდებოდა აბსოლუტურად უმიზეზოდ… შეიძლება, პამპერსი დროზე არ გამოგეცვალა ბავშვისთვის, ან ეთქვა, ღილი გაქვს ზედმეტი გახსნილი პერანგზეო…“
წამყვანის კითხვაზე, რატომ გაიხსენა 20 წლის წინანდელი ამბავი ახლა, ირმამ უპასუხა: „ძალიან გრცხვენია, როცა ეს ხდება, როცა ეს ახალი ამბავია, უბრალოდ, გრცხვენია… ჩემი ეს ჟესტი ნინუცას მიმართ ჩემი სოლიდარობის გამოხატვაა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამაზე ძალიან მინდოდა საუბარი. როცა დრო გადის და შენ ხდები ძლიერი ქალი, მაშინ გაქვს ძალა, რომ ამაზე ისაუბრო… მაშინ არ მქონდა ისეთი სიტუაცია, რომ ვინმესთვის მაინც მეთქვა, მიშველე-მეთქი…“