Tbilisi Fashion Week-ის რიგით მესამე დღე ქართველი ფოტოხელოვანისა და დიზაინერის ირმა შარიქაძეს ტანგო პერფორმანსმა გახსნა ახალი ხაზით Irma de Flore. ოთხ ცეკვაში მოყოლილი იყო ქალის ცხოვრებისა და სიყვარულის ისტორია, სახელწოდებით Tango De Rosa. სცენაზე დრამატული სიუჟეტი კიდევ უფრო გაამძაფრა მოცეკვავე გოგონას მიერ თავის გადაპარსვამ. ირმა შარიქაძემ თავის კოლექციაში ხაზი ქალის სილუეტს გაუსვა და სტუმრებს ფერადი კოლექციები შესთავაზა. როგორც დიზაინერმა „ფორტუნასთან“ საუბარში განაცხადა, წელს საინტერესოა მაყურებლისთვის, რადგან წარმოდგენილია ტანგოს ფეხსაცმლის ხაზი, რომელიც სპეციალურად ტანგოს მოცეკვავეებისთვის შეიქმნა.
„ მე თვითონ ვცეკვავ ტანგოს და ალბათ წარმოგიდგენიათ როგორი პრეტენზიული ვარ ფეხსაცმლის შერჩევისას“,- განაცხადა დიზაინერმა
ირმა შარიქაძის პერფორმანსი მარჯანიშვილის თეატრის სარდაფში გაიმართა და მას უამრავი ნაცნობი სახე დაესწრო.
ია კიწმარიშვილი:
„ჩემთვის ძალიან ირმასებური იყო, ქალი… სიყვარული… ტანგო… ფერები, მოძრაობა, ხარისხი, ყველაფერი არაჩვეულებრივად იყო შეხამებული და ყველაფერი გამოუვიდა. ვულოცავ და ვუსურვებ წარმატებას.“
ირმა შარიქაძის პერფორმანსში ქართველი მომღერალი ნუკრი კაპანაძეც მონაწილეობდა, მან აკაპელაზე შეასრულა სიმღერა.
ნუკრი კაპანაძე:
„ როდესაც მე თვითონ ვარ მონაწილე ძალიან მიჭირს შეფასება, ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ირმა არის არასტანდარტული ადამიანი, შინაგანად თავისუფალია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის როგორც მუსიკოსისთვის და ხელოვანისთვის. პერფორმანსში სიჩუმე იყო ბევრი, პაუზები და პაუზებში შინაარსი, ვფიქრობ ეს ძალიან კარგია. ყველანაირი ქალი იყო დღეს წარმოდგენილი: მიტოვებული, იმედიანი, ძლიერი… ვფიქრობ შედგა კონტაქტი მაყურებელსა და მონაწილეებს შორის.“
მოდის მოყვარულებს ანუკი არეშიძემ საკუთარ სალონში უმასპინძლა, სადაც 2016-2017 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია იყო წარმოდგენილი.
შემდეგი ჩვენება More Is Love-მა წარმოადგინა „რუმსში“ , კოლექცია იყო მრავაფლეროვანი და ფერადი. ჩვენებაზე კოსტიუმები მოდელების გარდა დიზაინერების მეგობრებმაც მოირგეს, რაც ჩვენებას მაყურებლისთვის უფრო საინტერესოს ხდიდა.
More Is Love-ის ჩვენებას ესწრებოდა დალოოდ ჯგუფის დამფუძნებელი მაკა კვიციანი:
„ძალიან მომეწონა კოლექცია, წინასწარაც ვიცოდი დაახლოებით ონლაინზე რა ჰქონდათ, More Is Love-ის სტილი ყოველთვის შთამბეჭდავია და ის ფაქტიც რომ პოდიუმზე ჩვენი მეგობრები გამოდიოდნენ ძალიან მომხიბვლელი იყო. ფერების შეხამება იყო ფანტასტიური, იმიტომ რომ ნინო და ანი ორივე გამოირჩევა კარგი გემოვნებით და ის არჩევანი რასაც აკეთებენ თავისი ონლაინ მაღაზიისთვის , დღეს იყო ნათლად წარმოდგენილი.“
„რუმსში“ ჩვენებაზე ცნობილი მსახიობი ბახვა ბრეგვაძეც იმყოფებოდა:
„მომეწონა კოლექცია, ძალიან მრავაფეროვანი, დახვეწილი, გემოვნებიანი და ფერადი იყო. ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ გოგოებს.“
Tbilisi Fashion Week-ის მესამე დღეს კოლექციები ასევე წარმოადგინეს: მარიამ გვასალიამ, Materiel by Lika Chitaia-მ, Mach & Mach-მა და დღე კრისტინა ჟღენტის ჩვენებამ დახურა.
ირმა შარიქაძეს ტანგო პერფორმანსი